7-09-2018
რუსთავის 21-ე საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება.
სკოლის დირექტორის, ნინო გავაშელის ინფორმაციით, პირველკლასელებს ახალი სასკოლო ფორმები ეცმევათ, რომელთა ძირითადი ნაწილი უკვე შეკერილია. მისივე ინფორმაციით, ახალ ფორმებს 150 მოსწავლე ჩაიცვამს.
ახალი უნიფორმები სადა ფერებში და კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. ნინო გავაშელმა ასევე განაცხადა, რომ: „ეს იყო მომავალი პირველკლასელების მშობლების ინიციატივა, რომ მოსწავლეებს ჰქონოდათ ერთიანი ფორმა, რაც იქნებოდა ჩვენი სკოლის განმასხვავებელი ნიშანი. შემოგვთავაზეს რამდენიმე მაკეტი, რომლებიც განვათავსეთ ჩვენი სკოლის გვერდზე და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა ერთი ვარიანტი. შევხვდით მშობლებს, გვქონდა გაერთიანებული კრება. მშობლებმა ისაუბრეს, შეარჩიეს ვარიანტი და იკერავენ ფორმებს. მაგრამ ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა. თუ რომელიმე მოსწავლეს არ აქვს ფორმის შეკერვის საშუალება, პარალელურ რეჟიმში რჩება შავ-თეთრი ფორმა. თუმცა უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა. ექვსივე პირველი კლასი ახალ ფორმებს იკერავს, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე მზადაა."- განაცხადა სკოლის დირექტორმა.
რუსთავის 21-ე სკოლა პირველი საჯარო სკოლაა, რომლის მოსწავლეებსაც სპეციალური სასკოლო უნიფორმები ეცმევათ.
მიიჩნევა, რომ სპეციალურ სასკოლო ფორმებს ბევრი დადებითი მხარე აქვს: ახდენს მოსწავლეების დაჯგუფებებად დაყოფის პრევენციას, ზრდის სკოლის ცნობადობას, ამცირებს გარეგნულ განსხვავებას სოციალურად სხვადასხვა წრიდან გამოსულ მოსწავლეებს შორის, ავითარებს დისციპლინას და ხელს უწყობს უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნას.