6-10-2023
„როგორ შეიძლება ევროპულმა ღირებულებამ, რასაც კონსტიტუციის დაცვა ჰქვია, ევროინტეგრაციას შეუშალოს ხელი?“, -ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცესით საქართველოს სახელმწიფო მორიგ ჯერზე შედგა, ხოლო ის უცხოელი ლიდერები, რომლებიც ამ პროცესს უარყოფითად აფასებენ, მიზანმიმართულად ცრუობენ, რაც შეურაცხმყოფელია.
„უკვე ცხადია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საქართველოს საზოგადოება კარგად ვერ აზროვნებს, როდესაც ისეთ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, როგორიც არის რამდენიმე უცხოელი ლიდერის მიერ გაჟღერებული მოსაზრება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოში დემოკრატიას აყენებს საფრთხის ქვეშ და ა.შ. ისინი ამაში ცდებიან.
ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის კონსტიტუციაში იმპიჩმენტის წესი იმიტომ არსებობს, რომ თუ დაირღვევა კონსტიტუცია, მისი დარღვევა წესად არ იქცეს.
იმპიჩმენტი კონსტიტუციის ღირსებას იცავს. ამიტომ, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან იმპიჩმენტის საწინააღმდეგო განცხადებები არასწორია და მათ ეს ძალიან კარგად იციან. როგორ შეიძლება ევროპულმა ღირებულებამ, რასაც კონსტიტუციის დაცვა ჰქვია, ევროინტეგრაციას შეუშალოს ხელი? მაშინ ამერიკაში დაქცეულა დემოკრატია - მოქმედი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს და წინა პრეზიდენტს იმპიჩმენტი კი არა, ისეთი ბრალდებები აქვთ, დაჭერა ემუქრებათ. პირიქით, იმპიჩმენტი არის ის პროცესი, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო მორიგ ჯერზე შედგა, რადგან დამოუკიდებელი ინსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს სახით ორი სხვა კონსტიტუციური ორგანოს ერთმანეთთან დავას იხილავს. ეს არის ჩვეულებრივი, დემოკრატიული და კარგი პროცესი, რადგან კონსტიტუციის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ეს არის სწორედ ევროპული ღირებულება, რასაც ჩვენ ვიცავთ და ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს. იმიტომაც არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის ევროპელი ლიდერებისგან იღებს დასტურს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.