10-10-2023
ასევე მინდა რამდენიმე კონკრეტული ციფრი მოგაწოდოთ და ფაქტებით გესაუბროთ, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი დღეს ბაზარზე, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება ასე ვთქვათ, კვალიფიციური მუშახელის, რაც სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.
„ჩვენ 2-3 წლის წინ გვქონდა პირიქით მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას. დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. აი მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, ჯერ მხოლოდ ამაზე მინდა გესაუბროთ, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.
ასევე მესამე მიმართულება, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მიმართულება - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ, სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, 10 000-მდე ვაკანსია არის დაფიქსირებული.
უფრო საინტერესოს გეტყვით ახლა, რა ხდება. შარშან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, საინტერესო, საკმაოდ ყოვლისმომცველი, ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა ეს კვლევა. შარშან გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა, რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა და სწორედ აი ამ კველვაზე დაყრდნობით და ბოლო თვეებში რაც აქტიურად ვიმუშავეთ, შევიმუშავეთ დღევანდელი კონცეფცია, რომელსაც ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ.
გამოიკვეთა, რომ შარშან, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 000 ვაკანსია შეადგინა, ვაკანსიების ჯამმურმა რაოდენობამ. ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო. აქვე მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები. იცით, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში, ბოლო 3 წელიწადში, საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე და უმუშევრობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე.
„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებლი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებლი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული.
ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში.
ამიტომ, ჩვენ ახლა ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ ეფექტური ქმედებით და ნაბიჯებით, აი ამ საჭიროებებზე და ამ გამოწვევაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია, კიდევ მინდა გავიმეორო.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება ბიზნესთან კოორდინაციას და კოორდინირებულ მუშაობას. პრაქტიკულად ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და ამ პროგრამებს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩააბარებს პროფესიულ კოლეჯში, რა თქმა უნდა, დაამთავრებს, ისწავლის და შეიძენს საჭირო უნარ-თვისებებს.
აი ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა თქვენთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს, რომელმაც ძალიან აქტიურად იმუშავა ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაინიშნა მინისტრად.
ვფიქრობ, საინტერესო კონცეფცია არის, მანამდე, რა თქმა უნდა, სააგენტოში იყო დამუშავებული მთელი რიგი ხედვები და ახლა ვთხოვ ბატონ მინისტრს, რომ წარმოგიდგინოთ ეს ახალი ხედვა და კონცეფცია. დიდი მადლობა", - განაცხადა პრემიერმა.