11-10-2023
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ ფარგლებში, თბილისი 11 ქვეყნის 22 მეცნიერს, მკვლევარსა და ექსპერტს მასპინძლობს.
კონფერენციის პირველი დღე „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის" არქეოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, დენემის, აგროკლიმატოლოგიის, მეღვინეობის და მევენახეობის მიმართულებებით განხორციელებული კვლევების შედეგებისგანხილვას მიეძღვნა. მონაწილეებმა მსოფლიოს სხვადასხვა მკვლევარების და ინსტიტუტების კვლევებზე, მათ შორის, გადაჭრილი გორის და შულავერის გორის არქეოლოგიური გათხრების შედეგების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღნიშნული კვლევები ხსნის ველური ვაზის კულტურული ვაზისკენ გადასვლის ეტაპებს, ვაზის დომესტიკაციას ბიოლოგიური შესწავლის საშუალებით. კვლევები ასევე მოიცავს გლობალურ ხედვას ქართული ვაზისა და ღვინის ადგილსა და როლზე მსოფლიოში.
სწორედ აღნიშნული კვლევების საფუძველზე ხდება ქართული მევენახეობა მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი განვითარების რეკონსტრუქცია და მთლიანი სპექტრის წარმოჩენა.
„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის" ფარგლებში განხორციელებული კვლევების ასეთი მასშტაბით წარდგენა პირველად განხორციელდა.
კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ქართული ვაზის დადებითი თვისებები სხვადასხვა ფიტოპლაზმური დაავადებების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებისთვის. განხილული იყო საფუვრების, როგორც ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების საკითხი, რაც მეღვინეობაში ერთ-ერთი ახალი მიმართულება.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული „ღვინის დღეების“ ფარგლებში, 10-12 ოქტომბერს, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ მასპინძლობს.კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება და მას მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხ.აფრიკა, ხორვატია) 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება.