11-10-2023
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკულ დარგში მიმდინარე რეფორმები და პროექტები მიმოიხილა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა განახლებადი ენერგიების წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემა და სიმძლავრის აუქციონები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და სხვა.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2017 წელს საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ენერგეტიკულ გაერთიანების (Energy Community) სადამფუძნებლო ხელშეკრულებას მიუერთდა. „შედეგად, საქართველომ აიღო კონკრეტული ვალდებულებები ენერგეტიკის სფეროში, რომელიც გაწერილია ვადაში და მიმართულია კონკურენტული და ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნის, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესებისაკენ," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მან დეტალურად ისაუბრა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობის შესახებ, რომელთა განხორციელების შემდეგ ქვეყნის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება და უსაფრთხოება გაძლიერდება. ასეთ პროექტებს შორის, მინისტრის პირველმა მოადგილემ დაასახელა ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების, ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები და სხვა.
„განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ასამაღლებლად და განსამტკიცებლად. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის შიდა წარმოების უმეტესი ნაწილი ორიენტირებულია განახლებადი ენერგიის/ჰიდროენერგეტიკის წარმოებაზე, ჩვენი ქვეყნის მიერ განახლებადი ენერგიის სფერო განსაზღვრულია სექტორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. აღნიშნული გარემოება ასახულია საქართველოს ისეთ სტრატეგიულ და პოლიტიკის დოკუმენტში, როგორიცაა: საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე" - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია ქვეყნის მთლიან ენერგეტიკული მომარაგებაში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა.
რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, აგრეთვე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის, 2020 წლის დეკემბერში ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მომზადდა განახლებადი ენერგიის მოწყობილობების მემონტაჟეთა გადამზადების პროგრამები შემდეგი ტექნოლოგიებისთვის: ბიომასის ღუმელები, მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის თერმული სისტემები, ზედაპირული გეოთერმული სისტემები და თბური ტუმბოები. აღნიშნულის ფარგლებში გადამზადდა 34 მემონტაჟე, ხოლო მათი სია მთავრობის მიერ განახლებადი ენერგიის კანონის მოთხოვნის შესაბამისად დამტკიცდა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალ სქემას. მისი თქმით, პირველ 300-მვტ-ის სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულად 27 კომპანია გამოცხადდა. აგრეთვე მან ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ პროექტს. რომეო მიქაუტაძის თქმით, საქართველოსთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით დაკავშირების შემთხვევაში ევროპის ენერგეტიკულ სისტემას პოტენციურად უერთდება არა მხოლოდ ერთი ქვეყანა, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონი.
„ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც მეზობელ, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა მიმდინარე თუ დაგეგმილი სატრანზიტო პროექტების იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდეს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის და რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გამტკიცებას," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.