11-10-2023
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, სერვისის მიმწოდებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოსა და მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროფესიული და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა ფსიქიკური აშლილობებისა და ფსიქოსოციალური უნარშეზღუდულობის მქონე პირების უფლებებზეც ისაუბრეს; კერძოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკებისგან დაცვის უფლებაზე, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და მაღალი ხარისხის მოვლის უფლებასა და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლებებზე, იმ ეტაპებზე, რომელიც გაიარა საქართველომ.
„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უნივერსიტეტის კედლებში მიმდინარეობს დისკუსია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების შესახებ, რადგან ჩვენ ვემსახურებით ახალგაზრდა თაობის აღზრდას და მათ უნდა მონაწილეობა მიიღონ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ ნინო ოკრიბელაშვილმა.
შეხვედრაზე განიხილებოდა პრობლემის გადაჭრის გზები, სამომავლო გეგმები და გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით არის დაგროვილი.
1992 წლიდან 10 ოქტომბრის აღნიშვნის მთავარი მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში მოსახლეობის განათლება და ცნობიერების ამაღლება იყო.
ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ძირითადი უფლება, რომელიც ყველა მოქალაქეს, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, აძლევს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უმაღლეს სტანდარტზე წვდომის უფლებას.
10 ოქტომბერი შესაძლებლობას აძლევს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარეს, ისაუბრონ ღიად და გახსნილად გამოწვევებზე, შედეგებზე, წარსულ გამოცდილებასა და მომავალ გეგმებზე, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობა რეალურად იყოს ხელმისაწვდომი და უმთავრესი უფლება ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში.