11-10-2023
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, ვინც უკრაინის ბრძოლას მიაკუთვნებს ქართველი ხალხისა და ხელისუფლების უდიდეს შრომას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ის უპასუხოდ არ დარჩება.
„გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის ლობისტები უცხოეთიდან. დღეს ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ გვითხრა, რომ „უკრაინის ბრძოლის გარეშე საქართველოს არ ექნებოდა სტატუსის მიღების შანსი“.
ეს კიდევ ერთი ახალი გზავნილია რადიკალების მხარდამჭერებისგან. მინდა გარკვევით ვუპასუხო ყველას, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს და ამჯერად ცდილობენ სტატუსის მონიჭება უკრაინის ბრძოლის მონაპოვრად აღიარონ.
უკრაინის ომმა პირიქით, ბევრად აზარალა საქართველო და მათ შორის, გაართულა ევროპისკენ სავალი გზა. სწორედ მეორე ფრონტი გახდა სავაჭრო თემა ჩვენთან სტატუსის მონიჭების სანაცვლოდ. ამიტომ, ვინც იკადრებს და ამ მორიგ უსამართლო ბრალდებას წამოაყენებს, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს ჩვენგან.
საქართველო გეგმურად და დამაჯერებლად მიუყვებოდა ევროპისკენ სავალ გზას. ჩვენ 2024 წელს უნდა წარგვედგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს იქნებოდა მაღალი დონის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესი, რომელიც აუცილებლად დასრულდებოდა სტატუსის მონიჭებით და შემდეგ გაწევრიანებით. უკრაინის ომმა ეს ყველაფერი დაანგრია და სავაჭრო თემად გაგვიხადა ქართველი ხალხის არჩევანი - ევროპული ოჯახის წევრობა. რა თქმა უნდა, აქ უკრაინას არ ვადანაშაულებთ, მაგრამ ვინც უკრაინის ბრძოლას მიაკუთვნებს ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ამ უდიდეს შრომას, მას უპასუხოდ არ დავტოვებთ.
უკრაინის ბრძოლამ ერთი რამ ნამდვილად შეძლო - სტატუსის მონიჭების პროცესში ნათლად წარმოაჩინა საქართველო იმ სამი სახელმწიფოსგან, როგორც დემოკრატიის გზაზე მავალი უპირობო ლიდერი“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.