7-09-2018
ტყიბულის შახტებში შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT შეამოწმებს. კომპანიას 140- წლიანი გამოცდილება აქვს და 75-ზე მეტი ექსპერტი ჰყავს.
გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიიღეს.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული კომპანია ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებას სისტემურად შეაფასებს. მისივე თქმით, რეკომენდაციები კომპანიამ ხუთი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს.
"სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შეარჩიოს ისეთი კომპანია, რომელსაც საუკეთესო გამოცდილება ექნება იმისა, რომ სისტემურად შეაფასოს ამ კონკრეტული ინდუსტრიის ინფრასტრუქტურის შრომის უსაფრთხოების პირობები და ხუთი კვირის განმავლობაში დადოს რეკომენდაციები, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება, განისაზღვროს, რამდენად შესაძლებელია სრულყოფილი შრომითი უსაფრთხოების დანერგვა ამ ობიექტზე. მეორე კითხვა იქნება, თუკი ეს შესაძლებელია, რა ფინანსურ, ადამიანურ, დროით რესურსებთან არის დაკავშირებული. დასახელებულ გერმანულ კომპანიას 140 -წლიანი გამოცდილება აქვს ასეთ აქტიოვობებში და საერთაშორისოდ აკრედიტებული ექსპერტები ჰყავს,"-განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 2017-2018 წლებში 15 დასაქმებული დაიღუპა.