12-10-2023
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 - 2023 წლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ბუღალტერმა, საკუთარი და მისი მეუღლის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე, შრომის ანაზღაურების დანიშნულებით და დასაქმებულ პირთა მონაცემების გამოყენებით, სახელმწიფო ორგანიზაციის ხაზინიდან 368 652 ლარი უკანონოდ ჩაირიცხა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის დასაწყისში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს ჩადენილი დანაშაულის შენიღბვის მიზნით „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ხაზინაში შეტანილი ყალბი მონაცემები წარუდგინა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.