აფხაზეთში ე.წ. პრემიერის ავტოკატასტროფაში დაღუპვას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად არსებულ ვითარებას რუსული გამოცემა «Свободная пресса» ეხმაურება.
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ვიქტორ სიკორის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
9 სექტემბერს დღესასწაულიც იყო და გლოვაც. დღესასწაული იმიტომ, რომ ათი წლის წინ, 2008 წლის ცხრა სექტემბერს რუსეთმა აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, გლოვა კი - რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გენადი გაგულიას ტრაგიკული სიკვდილის გამო. იგი სირიიდან ბრუნდებოდა... შინ მიიჩქაროდა. ეს შემთხვევა ძალიან აფხაზურად მოხდა. აფხაზეთში გზაზე მოძრაობის წესებს არად დაგიდევენ. ღამით ერთი დაბოლილი ახალგაზრდა მძღოლი თავისი „ჟიგულით“ პრემიერის მანქანას გზაზე გადაუხტა. მერე რა, რომ პრემიერი-მინისტრი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პიროვნებაა. დაბოლილსაც მიაჩნდა, რომ თვითონაც მთავარი იყო. ჯახ... და მინუს ერთი, აღარ არის გენადი გაგულია.
ვარაუდი დივერიის შესახებ სისულელეა, ასეთი ავარიების სპეციალურად მოწყობა რთულია, თუმცა სავარაუდო ტერორისტული აქტის უარყოფაც არ შეიძლება. ამ შემთხვევაში თითქმის ყველაფერი ერთმანეთს უთავსდება: დამოუკიდებლობისა და რუსეთთან დიპურთიერთობის დამყარების 10 წლისთავის ზეიმი, პრემიერ-მინისტრის სიკვდილი და მის დაღუპვაში ბრალდებული მძღოლის არაადექვატურობა.
ქართული კვალი? იქნებ პრეზიდენტის მოკვლა უნდოდათ, რომელმაც ცოტა ხნით ადრე იგივე მარშრუტით გაიარა? რასაკვირველია, ყველაფრის ვარაუდი შეიძლება, მაგრამ აშკარაა, რომ ავარიის მიზეზი ჩვეულებრივი დაუდევრობაა, უბედური შემთხვევა. თანაც არა მარტო დაბოლილ მძღოლთან მიმართებით, არამედ საერთოდ: მთლიანობაში აფხაზეთიც „ასე დადის“ - მართვის უფლება მიიღეს, მაგრამ წესები არ იციან და თუ იციან, მაინც არღვევენ.
აფხაზეთი ბოლო 10 წლის მანძილზე რუსეთის მეშვეობით სუნთქავს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ რუსეთის ხარჯზე ცხოვრობს. მოსკოვიდან სოხუმში 36,8 მლრდ. რუბლი გადაიქაჩა, რაც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში არდაბრუნების ფასი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში დამარცხების შემდეგ მაინც აქვს პრეტენზიები თავის ყოფილ ორ რეგიონზე. აფხაზეთმა (სამხრეთ ოსეთთან ერთად) უამრავი ფული მიიღო და დახარჯა, თან სუფთა აფხაზური მენტალიტეტით რუსეთს კვლავ მიმართავს - მადლობა, მაგრამ კიდევ მომეცი! გასაგებია, რომ ის ფული მთლიანად ჩინოვნიკებს არ შეუჭამიათ, რაღაც გაკეთდა კიდეც, მაგრამ ფაქტები ჯიუტია: თუ აფხაზეთს 2016 წელს მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია, 2017-ში მათი რაოდენობა 30%-ით შემცირდა, ხოლო ამჟამინდელ საკურორტო სეზონს უფრო უარესის ნიშნები აქვს. ტურისტებს დასვენების უკეთეს პირობებს სოჭი და ყირიმი უფრო სთავაზობს, ვიდრე აფხაზეთი. მხოლოდ მზით და ალერსიანი ზღვით დამსვენებლებს ვერ მიიტყუებ, აუცილებელია კომფორტული პირობების შექმნაც, რითაც, სამწუხაროდ, აფხაზეთი ვერ დაიტრაბახებს.
- აფხაზეთი კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქნება დოტაციური რეგიონი, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთის დახმარებაზე, - მიიჩნევს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკიტა კრიჩევსკი, - სოხუმის მთავრობა თავის ძირითად მიღწევად სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარებას თვლის, რომელიც აფხაზეთს ბოლო ათასწლეულში არ ჰქონია და, რასაკვირველია, ამით ისინი ამაყობენ. სხვა მოტივი მათ არ აქვთ. აფხაზთა განცხადებებიც რომ გავითვალისწინოთ - „ჩვენი ბიუჯეტის ნახევარს ჩვენ თვითონვე ვაგროვებთო“, ესეც კი არ არის საკმარისი, რბილად რომ ვთქვათ, მათი განვითარებისათვის. მხოლოდ მანდარინების გაყიდვა რუსეთის ბაზარზე ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ციტრუსებით აფხაზერთი შორს ვერ წავა, მით უმეტეს, რომ სოფლის მეურნეობის ეს დარგიც თანდათანობით ნადგურდება. აფხაზეთის ძირითად პერსპექტიულ დარგად ტურიზმი ითვლება, მაგრამ მას ინფრასტრუქტურა ვერ მიჰყვება: მართალია, რუსეთის საზღვრიდან (ფსოუ) საქართველოს საზღვრამდე 230 კმ-იანი ავტოგზა აღადგინეს, მატარებლები სოხუმიდან მოსკოვში დადიან, მაგრამ საზღვაო პორტი ცუდად მუშაობს, საავიაციო მიმოსვლა კი საერთოდ არაა, ბაბუშერას აეროპორტი პარალიზებულია.
აფხაზეთი, როგორც ჩანს, დღეს ტურბულენტობის თავისებურ ზონაშია მოხვედრილი: რესპუბლიკა ჰაერშია, არ ვარდება, მაგრამ „აფხაზური თვითმფრინავი“ მაგრად ირყევა. ათი წელი გავიდა აღიარებიდან (უფრო მეტიც, თუ ათვლას 1992 წლიდან დავიწყებთ, სოხუმი კი სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ისევ მოსკოვზე დამოკიდებული. სხვათა შორის, ასეთი სიტუაცია აფხაზეთის ხელისუფლებას აწყობს, მათ შორის ამჟამინდელ პრეზიდენტსაც, მაგრამ არა ადგილობრივ ბიზნესმენებს, რომლებსაც მოსკოვური „ღვეზელის“ ნამცეცებიც კი არ ხვდებათ. ბიზნესის განვითარება აფხაზეთში ოფიციოზის დახმარების გარეშე შეუძლებელია, ეს გზა კი წარუმატებელია: გადაიკეტება ონკანი და ცხოვრებაც გაჩერდება. თეზისს - „ჩვენ ღარიბები ვართ, მაგრამ ამაყები“ - ჯერ არავინ მიუყვანია ნამდვილ დამოუკიდებლობამდე.
მიამიტობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ აფხაზები სულ მუდამ რუსეთზე ფიქრობს, რომელიც, სოხუმელი ობივატელების აზრით, „ბევრს გვპირდება, მაგრამ ცოტას იძლევა“. სოხუმში ბოლო დროს საქართველოსთან კონტაქტების აღდგენაზეც დაიწყეს ლაპარაკი და გაისმის ხმები მის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით დაბრუნებაზეც... თუმცა სინამდვილეში ეს უფრო ერთგვარი შანტაჟის გამოვლენაა რუსეთის მიმართ, რომ მოსკოვს დამატებითი ბონუსები გამოსძალონ ლოიალობის სანაცვლოდ. სხვა საქმეა თურქეთთან ურთიერთობა, რომელიც აფხაზეთს დიდი ხანია ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური ანკარა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მან დაგმო კიდევ სირიის ნაბიჯი აფხაზეთ-სამხრეტ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე, არაოფიციალურად თურქულ-აფხაზური კონტაქტები შენარჩუნებულია. თურქეთი, შავიზღვისპირეთში საკუთარი ინტერესების გაფართოების კვალობაზე, პერსპექტივაში აფხაზეთს, როგორც მინიმუმი, თავის პოტენციურ პარტნიორად მიიჩნევს და მზად არის მისი ეკონომიკის ინვესტირებისათვის. კიდევ ერთი ნიუანსი - თურქეთი დაინტერესებულია, რომ იმ მუჰაჯირების შთამომავლები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არასტაბილურ ცხოვრობენ, აფხაზეთში დაბრუნდნენ - უპირველესად სირიიდან და თვით თურქეთიდანაც. ჯერ კიდევ 2015 წლიდან მუშაობს აფხაზეთში თურქული საქველმოქმედო ფონდი Sadakatasi, რომლის მიზანს მუსლიმი მუჰაჯირების დაბრუნების ხელშეწყობა წარმოადგენს. ალბათ, ეს საკითხი სირიაში რაულ ხაჯიმბას და აწ დაღუპული გენადი გაგულიას ვიზიტის დროსაც განიხილეს და შესაძლოა რაღაც დეტალები ჩუმად თურქეთთანაც იყო შეთანხმებული.
აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის 80%-ს რუსული პასპორტები აქვთ და შესაბამისად, მათ უფრო მაღალი პენსია ეძლევათ და კომუნალურ მომსახურეობაზე შეღავათები მოქმედებს. ამის მიუხედავად, აფხაზები საკუთარ თავს რუსებად და „რუსული სულის“ ადამიანებად არ მიიჩნევენ. მათთვის უფრო მომგებიანი რომ იყოს თურქეთის ან საქართველოს მოქალაქე, ამაზედაც უარს არ იტყოდნენ და დათანხმდებოდნენ. აფხაზებს რუსებისადმი (ანუ თავიანთ თანამოქალაქეებისადმი) დამოკიდებულებაც თავისებური აქვთ, რომელიც აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში გაჟღერებული ფრაზით დასტურდება: „ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის მოქალაქეებისადმი ქონების წართმევა-ჩამორთმევის უამრავი ფაქტი“. ანუ გამოდის, რომ აფხაზეთი, რომელმაც დამოუკიდებლობა რუსეთის დახმარებით მიიღო, სრულიადაც არ ფიქრობს ფასი „ჰამბურგის ანგარიშით“ გადაიხადოს, სოხუმი სხვაგვარად თვლის: „თუ თავისუფლება მოგვეცით, მაშინ ფულიც უნდა მოაყოლოთ, რომ თვისუფლად ვიცხოვროთ“.
გარეგნულად ყველაფერი ნორმალურადაა: ვლადიმერ პუტინი იღებს რაულ ხაჯიმბას, ულოცავს, უსურვებს, პირდება... ისე, როგორც პოლიტიკური ეტიკეტითაა განსაზღვრული, მაგრამ ასეთი „მეგობრობის“ ფინანსური სარჩული შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. თავის მხრივ, კრემლი აფხაზური ელიტის ჯიბეებში ფულის ჩადებით დაიღალა. ალბათ, დროა დიმიტრი მედვედევის ცნობილი გამოთქმა - „ფულს ვერ მოგცემთ, მაგრამ მაინც მაგრად უნდა იდგეთო“ - აფხაზეთზეც გავრცელდეს.