13-10-2023
„დღეს ქართული ოპოზიციის ძირითადი წარმომადგენლები მხოლოდ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან საკუთარ სამშობლოში. მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი პროცესებს ვერ მართავენ და ვერც მომავალში შეძლებენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიული შანსის წართმევას“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიბურდანიძის თქმით, "გლობალური ომის პარტიის" იდეოლოგები და მიმდევრები ხალხს ატყუებდნენ, რომ უკრაინის ომით წყდებოდა საქართველოს მომავალი.
„რუსეთ-უკრაინის ომის დროს ბევრს ეგონა, რომ მსოფლიოს ახალი გადანაწილება ამით დასრულდებოდა. ჩვენ კი ვამბობდით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. სულ ერთ წელიწადში ახალი ფრონტი გაიხსნა ახლო აღმოსავლეთში და თუკი გავითვალისწინებთ მიმდინარე მოვლენებს, შესაძლოა ომის მესამე წერტილი კიდევ უფრო დიდი სამიზნე, ჩინეთი აღმოჩნდეს.
ვამბობდით იმასაც, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უფრო ხელსაყრელი იყო თანამედროვე მსოფლიო წესრიგის აქტორებისგან, რადგან ახლოს იყო რუსეთთან და ირანთან. თუ რატომ, ამას ისრაელში განვითარებული მოვლენები პასუხობს. მათ გლობალურ ამბიციებს კი საქართველო მსხვერპლად უნდა შეწირულიყო.
"გლობალური ომის პარტიის" იდეოლოგები და მიმდევრები ხალხს ატყუებდნენ, რომ უკრაინის ომით წყდებოდა საქართველოს მომავალი. ჩქარობდნენ, რათა ახალ პროცესებს არ გაემხილა ქართველი ხალხისთვის მათი შორს მიმავალი გეგმები.
დღეს ალბათ ძნელად წარმოსადგენია ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც კი, ვინც ვერ ხვდება, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და რას აარიდა ქვეყანა ხელისუფლებამ ამ ეტაპზე. თუმცა, საფრთხე მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო დიდი იყოს.
რუსეთ-ამერიკა-ჩინეთის ჭიდილი ომში ჩაითრევს მათი გავლენების ქვეშ მყოფ სახელმწიფოებს. ამ ბრძოლაში "ხელის გადაწევის პრინციპით" დაწყებული და პოლიტიკური ვაჭრობით გაგრძელებული მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესი დასრულდება და ახალი წესრიგი ალბათ მომავალი ერთი საუკუნე გასტანს.
სად იქნება ამ დროს საქართველო და როგორ შეიძლება მისი გადარჩენა?
საქართველოს გადარჩენის გასაღები მხოლოდ დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკაშია. ჩვენ, როგორც გეოპოლიტიკური კარიბჭე, არ უნდა ვიყოთ რომელიმე ერთ პოლუსზე მიბმული ქვეყანა (აქ რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ევროკავშირს), რადგან იმ ქვეყნის საომარი პოლიტიკა ომში ითრევს ჩვენს ქვეყანასაც. ამაში ბოლო ერთი წელია დავრწმუნდით - სასწაულად ავიცილეთ რუსეთ-დასავლეთის ომი ჩვენს ტერიტორიაზე.
ამ ადუღებულ მსოფლიოში საქართველოს გადარჩენა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და არა რომელიმე სახელმწიფოს ინტერესების ჩვენს ქვეყანაში. როგორც ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ შთანთქან პატარა ქვეყნები, ასევე შეუძლიათ პატარა სახელმწიფოებს გამოიყენონ მოცემული რეალობა და შეაჩერონ დიდი სახელმწიფოების ინტერესების უპირატესობა საკუთარ ტერიტორიაზე.
დღეს ქართული ოპოზიციის ძირითადი წარმომადგენლები მხოლოდ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან საკუთარ სამშობლოში. მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი პროცესებს ვერ მართავენ და ვერც მომავალში შეძლებენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიული შანსის წართმევას.
საქართველომ მხოლოდ მშვიდობიანი და გაწონასწორებული პოლიტიკით უნდა შეძლოს კუთვნილი ღირსეული ადგილის მოპოვება ახალ მსოფლიო წესრიგში", - წერს ჩიბურდანიძე.