16-10-2023
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ რეგიონალური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებისთვის. რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ქვემო ქართლსა და კახეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი9 ოქტომბრიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად გაივლიან გადამზადების სპეციალურ კურსს, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge.