17-10-2023
"მხოლოდ ნიკო ნიკოლაძის შთამომავლობა არ ყოფილა თურმე ჭეშმარიტი ღირებულებების განმსაზღვრელი," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებებს ოპოზიციისადმი.
ხუნდაძის თქმით, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები რეალური შანსია საქართველოსთვის, გახდეს სუვერენული სახელმწიფო. ოპოზიცია კი ამ დროს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დააკარგვინოს.
"ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება და ალბათ ამას ყველა ვხვდებით. მაგრამ, ვინ როგორ ვმოქმედებთ, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენსა და ოპოზიციას შორის განსხვავებაც სწორედ აქ არის. თუკი ჩვენთვის ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევები არის საფრთხეც და ასევე ისტორიული შანსი საქართველოსთვის, გახდეს რეალურად სუვერენული ქვეყანა, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ეს არის შანსი, რომ ქვეყანას საბოლოოდ დააკარგვინონ სუვერენიტეტი და დაახლოებით კიდევ ერთი საუკუნე მონობაში ამყოფონ.
რას აკეთებენ ამ დროს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი დამკვეთები უცხოეთიდან და მათ რიგებს შეერთებული საქართველოს პრეზიდენტი? პრეზიდენტი, რომელმაც გადათელა საქართველოს კონსტიტუცია და ამის შემდეგაც კი უტიფრად აგრძელებს უცხო ქვეყნის აგენტურ მოღვაწეობას. ვითომ ევროპული გზისკენ, სინამდვილეში კი ანტიევროპული გზისკენ მიმავალი ოპოზიცია ახალი ლიდერით - სალომე ზურაბიშვილით ხალხს ვერ მოატყუებენ. მხოლოდ ნიკო ნიკოლაძის შთამომავლობა არ ყოფილა თურმე ჭეშმარიტი ღირებულებების განმსაზღვრელი. ვაღიარებ, რომ მეც მოვტყუვდი.
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ დიდებული ქართველის მემკვიდრე შეურაცხყოფდა ქვეყნის უზენაესს კანონს და ამის შემდეგაც კი განაგრძობდა საქართველოში სიტუაციის არევის მცდელობას. მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ ვერ მიაღწევენ სანუკვარ მიზანს, რადგან მსოფლიოში პროცესები ყოველდღიურად მათ საწინააღმდეგოდ ვითარდება. ვხედავთ უკრაინას, ისრაელს და ველით კიდევ უფრო შორს მიმავალ გეგმებს, რომელმაც შესაძლოა ჩაითრიოს მთელი მსოფლიო. რაც უფრო რთულდება სიტუაცია, მით უფრო სუსტდება ახალი მსოფლიო წესრიგის სცენარის ავტორების როლი ამ პროცესებში და პარალელურად სუსტდება მათი აგენტურის ქმედებაც. „გლობალური ომის პარტიის“ ჰეგემონია ნელ-ნელა სრულდება და ძლიერი საინფორმაციო პროპაგანდითაც კი ვეღარ ახერხებენ სიცრუის შეფუთვას. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მართალია, პროცესები ჯერ მხოლოდ იძაბება, მაგრამ ბევრ რამეს ფარდა აეხადა და ეს სიმართლე იქნება საქართველოს ცრუ ოპოზიციისთვის ყველაზე ბასრი მახვილი. ამას რომ ხვდებიან, იმიტომ არიან მოსწრებაზე, მაგრამ უშედეგოდ," - წერს ხუნდაძე.