17-10-2023
სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი, რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ ნაცმოძრაობის პრეზიდენტად, „წარმატებები“ მას ამ საქმეში - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ინსტიტუტები მოშლილია“.
მისი თქმით, ისევე, როგორც „ნაცმოძრაობას“, სალომე ზურაბიშვილსაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება და ის ბოლომდე მიყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც მიყვება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
„მინდა შეგახსენოთ ჩვენ ქვეყანაში რა ვითარება გვაქვს - მშვიდობას ვინარჩუნებთ უკვე მე-12 წელი დაიწყება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა შარშან, შარშანწინ, წელსაც ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, დეკემბერში სადაცაა ვაპირებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს ყველაფერი არის სწორედ ინსტიტუტების დამსახურება, იმ ინსტიტუტების დამსახურება, რომლებიც ასე აღიზიანებს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. აქაც არის თანხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრობას“ შორის. ისევე, როგორც „ნაცმოძრაობას“, მასაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება და ის ბოლომდე მიყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც მიყვება თავის მხრივ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი, რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ ნაცმოძრაობის პრეზიდენტად. „წარმატებები“ მას ამ საქმეში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.