18-10-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-სა და ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტის დალასში (UT Dallas) მობილობისა და კვლევის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარ თსუ-ს ახალგაზრდა მკვლევრებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მობილობის პროგრამების მნიშვნელობაზე და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„კომუნიკაცია და თანამშრომლობა, უცხოელ კოლეგებთან, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიული ზრდისთვის. ჩვენ მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს ნებისმიერ წამოწყებაში, რომელიც თქვენს პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს“, - მიმართა რექტორმა თსუ-ს სტუდენტებს.
უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისა და პრაქტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ისაუბრეს იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს საქართველოსა და თსუ-ში დარგის განვითარებას.
„მობილობის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამით გასულ წელს ექვსმა სტუდენტმა ისარგებლა, ყველა მათგანი სადოქტორო საფეხურზე, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით სწავლობს.
პროგრამაში ჩართულობის შესაძლებლობა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც აქვთ. ამ ეტაპზე მეორე ნაკადის შესარჩევად მიმდინარეობს საბუთების მიღება.
პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.