18-10-2023
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამართული შეხვედრის დეტალები გაიხსენა.
კობახიძის თქმით, მას და შალვა პაპუაშვილს სალომე ზურაბიშვილმა მიანიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო გმირი გახდა და დაინტერესდა, რას აპირებდა საქართველოს ხელისუფლება. როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა განმარტა, ამ დროიდან მოყოლებული, ზურაბიშვილი არის იქ, სადაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“.
„ერთი ისტორია მინდა გავიხსენო: ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიყავი სტუმრად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, თვითონ ითხოვა შეხვედრა. ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალბათ 27-28 თებერვალი იქნებოდა. რუსეთ-უკრაინის ომი იყო ახალი დაწყებული.
შეხვედრა ასე დაიწყო, რა გინდათო, - ზრდილობა მაინცდამაინც პირად შეხვედრებზეც არ ახასიათებს ქალბატონ სალომეს. ჩვენ ხუმრობით ვუპასუხეთ, ჩვენ რა გვინდა, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა და თქვენ რა გინდათ-თქო და მისი შემდეგი წინადადება იყო გამაოგნებელი: „აგერ, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო“ - აი, რა იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება და როდესაც ჩვენ მას ვუკავშირებთ კონკრეტულ ძალებს, ეს ხომ შემთხვევითი არ არის. იქიდან მოყოლებული, სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც არის კოლექტიური „ ნაცმოძრაობა“. პირდაპირი მოწოდება საითკენ - ამაზე თქვენ იმსჯელეთ. მერე როგორ გაგრძელდა ჩვენი საუბარი, ამაზე დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ, თქვენ კიდევ ერთხელ შეგიძლიათ იმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართვას სალომე ზურაბიშვილი.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, ის რომ ყოფილიყო არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი, მის ხელში რომ ყოფილიყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება იმ დღეს, ეს იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს საქართველოს პრეზიდენტი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ? რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია ასეთი ადამიანის პრეზიდენტობა, მაშინაც კი, როდესაც მას მხოლოდ სიმბოლური სტატუს აქვს მინიჭებული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.