4-12-2017
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხებისა და კონსტანტინე შარაშენიძის გამარჯვების (დამოუკიდებელი კანდიდატი) შემდეგ, საზოგადოებაში ახლა, ყველაზე მაღალ ინტერესს, ახალი მერის მიერ განსახორციელებელი, საკადრო ცვლილებები და მისაღები გადაწყვეტილება იწვევს, თუ ვინ შეინარჩუნებს ადგილს და ვინ დარჩება სამსახურისა და თანამდებობის გარეშე.
ერთია, თუ როგორი მიდგომები აქვს, კონკრეტული ხელმძღვანელი პირების მიმართ, საზოგადოებას და მეორე, თუ როგორ აფასებენ კონსტანტინე შარაშენიძესთან, თავად ის ადამიანები საკუთარ შანსებს, ვინც ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაზე ღიად იყვნენ ჩართულები ბეგლარ სიორიძის გამარჯვებისთვის ბრძოლაში.
"გურიის მოამბე" ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ, იმ აიპების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა, რომლებიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როგორც თავად, ასევე თანამშრომლებითურთ, ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართულები, წინაასარჩევნო პროცესებში. სწორედ მათი თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ისინი ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე თანამშრომლებს, არ ერიდებოდნენ მუქარებს და არც მათ იძულებას, მხარი დაეჭირათ სახელისუფლებო გუნდის კანდიდატისთვის.
ხშირი იყო შემთხვევები, როცა ა(ა) იპების თანამშრომლები იძულებულნი იყვნენ, შეეგროვებინათ და სახელისუფლებო კანდიდატის შტაბისათვის წარედგინათ მხარდამჭერთა სიები.
მიუხედავად იმისა, რომ, მათი ნაწილი სამსახურებრივ შვებულებაში იმყოფებოდა, მაინც არაოფიციალურად ასრულებდნენ მოვალეობას და ამის ფაქტები "გურიის მოამბის" არქივში, არც თუ ისე მცირეა. კულტურის ცენტრი, სამხატვრო სკოლა, ბაღების გაერთიანებები და ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, ეს მოკლე ჩამონათვალია, მაშინდელი მერის დაქვემდებარებაში არსებული აიპებისა, რომელთა ხელმძღვანელებიც, განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩეოდნენ, რომლებიც იძულებით, მიკროავტობუსებით ატარებდნენ თანამშრომლებს, ხელისუფლების პირველი პირების,ოზურგეთში სტუმრობის დროს. იყო სამსახურიდან ათეულობით თანამშრომლის გაშვების ფაქტებიც და მათი მხრიდან, დარღვეულ კანონზე სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. შემცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, მაშინ „გურიის მოამბესთან“ სწორედ, იმაზე აკეთებდა ხაზგასმას, რომ სამსახურებიდან განსხვავებული აზრისა და დაუმორჩილებლობის გამო, უშვებდნენ.
რედაქცია დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ეს ადამიანები დღეს, ამართლებენ თუ არა დღევანდელი გადასახედიდან, არჩევნების პერიოდში მათ გადამეტებულ პოლიტიკურ აქტიურობასა და აპირებენ თუ არა, ახალ მერთან თანამშრომლობას, რომლის წინააღმდეგაც თავგამოდებით იბრძოდნენ, ყოფილი მერის სასარგებლოდ.
ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელი, ეკა ნინიძე „გურიის მოამბესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, ბეგლარ სიორიძის აქტიური მხარდამჭერი იყო, მას არც ერთი თანამშრომლისთვის არ შეუზღუდავს არჩევანის უფლება და არ მოუთხოვია, მხარი სახელისუფლებო კანდიდატისთვის დაეჭირა. უფრო მეტიც, ნინიძე გვეუბნება, ისევე როგორც სკოლები, საბავშვო ბაღები პოლიტიკიდან სრულიად თავისუფალი იყო.
„მე უბრალოდ ჭორებს არ ავყვები... ასე რომ ყოფილიყო და არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარებულიყო, მაშინ პირველ ტურში მოვიგებდით“-ამბობს ნინიძე და მიიჩნევს, რომ ახალ მერთან პრობლემა სიორიძის მხარდაჭერის გამო არ უნდა შეექმნას.
ეკა ნინიძე: მხოლოდ მამაჩემს ვუთხარი, ხმა ვისთვის მიეცა. კი ვარ მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი აიიპის დირექტორი, მაგრამ აიპი თავის თავში გულისხმობს არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც დამოუკიდებელია თავის პოლიტიკაში. ,ჩემი კომპეტენციიდან, ჩემი განათლებიდან, გამოცდილებებიდან გამომდინარე მოვიაზრებ ჩემს თავს იმ თანამდებობაზე, რომელზეც ეხლა ვმუშაობ. არ ვთვლი, რომ მაქვს დანაშაული იმის გამო, რომ ვიყავი ბეგი სიორიძის მხარდამჭერი.
დავიწყოთ იქედან, რომ ადამიანი არჩევანში არის თავისუფალი და აირჩევს ან ბეგის, ან კოტეს, პავლეს ან პეტრეს. იმას, ვისაც თავისი სურვილით გადაწყვეტს.
თუ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევანისთავისუფლება. თუ ეს გადაწყვეტს ჩემს საქმეს, კი ბატონო მიიღოს ახალმა მერმა გადაწყვეტილება.
მე არ ვარ საჯარომოხელე. მე, ძალიან კარგად ვარ ჩახედული, რაც ხდებოდა ბეგი სიორიძის შტაბში, იმიტომ, რომ იცით, მისი აქტიურიმხარდამჭერი ვიყავი და ამას არც ვმალავ.
მე, ჩემი თანამდებობა მაქვს და ვერც ერთ ჩემს თანამშრომელს ვერ მონახავთ, ვისთანაც ეკა ნინიძე მივიდა და პასუხი მოსთხოვა-რატომ უჭერ მხარს კოტე შრაშენიძეს და რატომ არ ემხრობით ბეგის?!
არც სახალხოდ და არც დახურულ კარს მიღმა არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მე მომეთხოვა, ხმა მიეცით ბეგის. ვერც ერთი ჩემი თანამშრომელი ამას ვერ დამაბრალებს. ვემიჯნები აზრს, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში იყოს პოლიტიკა. ჭორებს არ ვყვები. სახელისუფლებო კანდიდატს აბრალებდნენ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ეს რომ გამოეყენებინა, დღეს ჩვენ ცოტა უფრო სხვა სურათი გვექნებოდა. არჩევნები ნამდვილად დემოკრატიულად ჩატარდა. რომ გამოყენებულიყო ადმინისტრაციული რესურსი, 262 თანამშრომელი მყავს, აქედან 260 ხომ ცხოვრობს ქალაქში? მაშინ, პირველ ტურში კი არ წააგებდა ბეგი არჩევნებს. ყველა რომ ასე „ნაჟიმით“გვეიძულებინა ხმა მიეცათ, პირველივე ტურში მოიგებდა.
- აპირებთ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დარჩენას და ახალ მერთან თანამშრომლობას, თუ კი მისგან ამის შემოთავაზება გექნებათ?
- რატომაც არა, რამე დავაშვე ? უფრო კონკრეტულად გეტყვი, ორჯერ გამიშვა „ნაციონალებმა“ სამსახურიდან იმის გამო, რომ არ ვიყავი მათი მომხრე. ეს იყო 2009 წელს, როცა ერთ-ერთ სკოლაში დავრჩი საათების გარეშე და მეორედ, გამიშვეს საბავშვო ბაღის აღმზრდელის პოზიციიდან. ეხლა თუ „ოცნება“ კიდევ იმიტომ გამიშვებს სამსახურიდან ,რომ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდამჭერი ვიყავი, უბრალოდ გამეცინება, მეტი არაფერი. „ოცნებას“ ყოველთვის კი არ დავუჭერ მხარს... მაგრამ, მე არასდროს არ დავუჭერ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის დიდი აქტიურობაც მე დავინახე ამ არჩევნებზე.
მე არასდროს არ გამოვირჩევი იმით, არიქა და ვიღაცას მალამო ვადო თავზე და ხოტბა ვასხა. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ფეისბუკ პოსტები, რომლისთვის თვალის გადავლება ბევრს უყვარს სხვათა შორის...
- და ბოლოს, ახალ მერს რას ეტყოდით, რა მოლოდინები გაქვთ მისგან?
_ რა თქმა უნდა კონსტანტინე შრაშენიძეს ვუსურვებ პირველ რიგში წარმატებას. ვუსურვებ იმას, რომ იმ დემოკრატიულ პრინციპებს, რომელზედაც ასე აპელირებდა წინასაარჩევნოდ, ბოლომდე უერთგულოს.
"გურიის მოამბესთან" წინასაარჩევნოდ მისი მხრიდან არა მარტო პოლიტიკაში აქტიურად ჩართვაზე, არამედ თანამშრომლების სამსახურიდან კანონდარღვევით განთავისუფლებაზე, კომენტარის გაკეთების სურვილი არა აქვს სამხატვრო სკოლის დირექტორს, კახა ვასაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელოს და ამის ირგვლივ კითხვების გაჩენაც კი არასწორად მიაჩნია.
კახა ვასაძე - კომენტარისგან თავის შეკავების უფლება მაქვს? არავითარ პოლიტიკაში არ ვარ და არ ვიყავი ჩართული. გინახავთ სადმე ღიად გაკეთებული კომენტარები ჩემი მხრიდან? 30 წელია კულტურის სფეროში ვარ. მთავრობები იცვლება და შეიძლება ვიღაცას არ მოწონს ,რომ მე სულ ვმუშაობ... თუმცა, მე ვიყავი პოლიტიკაში და შემიძლია დავბრუნდე კიდევ. ამჟამად არც ერთი პარტიის წევრი არ გახლავარ. პოლიტიკა არის ერთი კანდიდატის მხარდაჭერა, არის მეორე საკითხი-რამ გამოიწვია ეს მხარდაჭრა...გრძელი ისტორიებია. ყველა ყველას ახლობელია ამ ოზურგეთში. მე პოლიტიკურ შეკითხვებზე არ გცემ პასუხს, თქვენ როგორც გინდათ დაწერეთ. მე ვიტყვი, რომ არაფერი არ მითქვამს. საუბარი იწერება ხომ? ჩაიწეროს, მერე რა? მე ვის ვეხმარებოდი რათ მინდა ამის აფიშირება? მე პირდაპირ ვაცხადებ, პოლიტიკური კომენტარი იმაზე, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა, სამხატვრო სკოლის დირექტორის გასაკეთებელი არ არის. დამიჯერე გთხოვ, ხომ მაქვს ამის უფლება მეათეჯერ ვკითხულობ...გვეუბნება ვასაძე.
რაც შეეხება ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორს, გოგა ტრაპაიძეს, ის სატელეფონო საუბარზე არ გვთანხმდება და გვპირდება, რომ სამუშაო საათებში აუცილებლად შეგვხვდება და კითხვებზე პასუხს თავს არ აარიდებს.
„გურიის მოამბესთან“ ინტერვიუზე უარს აცხადებს ოზურგეთის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კულტურის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე.
ბანძელაძე ჟურნალისტს კითხვების წერილობით მიწოდებას სთხოვს, თან გვიხსნის რომ ნებიმიერი მედიის მიმართ მისი მიდგომები ასეთია:
- რასთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები?
- რამდენიმე კითხვა გვაქვს, მათ შორის თუნდაც საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
- ღონისძიებებთან დაკავშირებით პასუხს გაგცემთ ის პირი, რომელიც ამ ყველაფერს უწევს ორგანიზებას.
- თქვენ ხომ ხელმძღვანელი პირი ხართ, არ ფლობთ ინფორმაციას?
- ხელმძღვანელი კი ვარ, მაგრამ წერილობით უნდა მომმართოთ.
- სხვა კითხვებიც გვაქვს...
- წერილობით მომმართეთ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონი ბანძელაძე „გურიის მოამბის“ კითხვებს გაურბის. არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რა საკითხზე, ან რა თემაზე ვუკავშირდებით კომენტარისთვის. ის კითხვების წერილობით მიწოდებას ითხოვდა იმ შემთხვევაშიც, როცა მისი პასუხი გვაინტერესებდა, თუ რა მოტივით გაუშვა რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან. იმაზეც, თუ რა კუთხით ჩაერთვებოდა კულტურის ცენტრი „ოზურგეთელობის“ დღესასწაულზე. ჩვენთვის არ უპასუხია არც მაშინ, როდესაც ფოლკლორის ქალაქად წოდებულ ოზურგეთში, რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლი გააუქმა და მათი საჭიროება ვერ დაინახა.
არც ერთხელ ჩვენ მისთვის არ მიგვიმართავს იმ კითხვებით, რაზეც პასუხის გაცემა მის კომპეტენციაში არ შედიოდა, ან ინფორმაცია საჯარო არ იყო.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენ მისგან გვაინტერესებდა პასუხი მხოლოდ ორ კითხვაზე, აპირებდა თუ არა კობა ბანძელაძე კულტურის ცენტრში ხელმძღვანელის პოზიციაზე დარჩენას და თუ კი, შეუქმნიდა თუ არა ეს უხერხულობას იმ მერთან თანამშრომლობაში, ვის წინააღმდეგაც ის მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ღიად იბრძოდა. უფრო მეტიც, მუდმივად ჩართული იყო მთელ რიგ კამპანებში, რაც ბეგლარ სიორიძის აქტიურ მხარადჭერაში გამოიხატებოდა და რაც მთავარია, მისი ქმედებები ხშირად სცდებოდა კანონის ჩარჩოებსაც (ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მისივე თანამშრომლების ინფორმაციით, მათი იძულება მხარი დაეჭირათ მაშინდელი მერისთვის და აქტიურად ჩართულიყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში. არაფერს ვამბობთ, თანამშრომლების პოლიტიკური მოტივით განთავისუფლებაზე, როგორც „ნაციონალების“ დროს დასაქმებულების).
ჩვენ ამ კითხვებს რა თქმა უნდა წერილობით გადავუგზავნით ბატონ კობას და დაველოდებით, რამდენად ჩაეტევა იმ ვადებში, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზეა დადგენილი.
“გურიის მოამბეს“ იგივე კითხვები ჰქონდა ოზურგეთის სამხატვო სკოლის ხელმძღვანელთან, კახა ვასაძესთანაც, რომელმაც მართალია, ჟურნალისტთან საუბარზე უარი არ თქვა, თუმცა დასმულ კითხვებს კატეგორიულად არ უპასუხა: „მე არ გაგცემთ პასუხს ამ კითხვებზე. რატომ არის ეს საინტერესო? ოზურგეთი პატარა ქალაქია, აქ ყველა ყველას იცნობს. ზოგი ახლობელია. არჩევნების თემა ახლა არ არის საინტერესო. შეგვიძლია სხვა თემებზე ვისაუბროთ. მაგალითად იმაზე, რას ვგეგმავთ, რა პრობლემები აწუხებს სკოლას და ა.შ“-გვითხრა ვასაძემ.
წყარო: "გურიის მოამბე"