21-10-2023
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეიზის" თანამშრომლებს კომპანიის 30 წლის იუბილე მიულოცა. მისასალმებელ სიტყვაში, ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ავიაკომპანიის დამსახურებაზე საქართველოს ეროვნული ავიაციის განვითარების, მათ შორის, კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით.
„სასიხარულოა, რომ ავიაციის რთულ დარგში ჩვენ გვყავს ფლაგმანი კომპანია, რომელსაც ოპერირების 30 წლის ისტორია აქვს. ამ პერიოდში კომპანიამ ბევრი ქარტეხილი გამოიარა, მაგრამ მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო დამსახურებაზე, რომელიც ავიაკომპანიას აქვს ქართული ავიაციის განვითარების კუთხით. საქართველოში ავიაციის სექტორში დასაქმებული პროფესიონალების უმრავლესობას პროფესიული გამოცდილება სწორედ „ჯორჯიან ეარვეიზში" აქვს მიღებული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, კომპანიამ ამ წლების განმავლობაში 570-ზე მეტი სპეციალისტი - მფრინავი, ინჟინერი, ტექნიკოსი მოამზადა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული ავიაციის სფერო სრული აღდგენის პროცესს წარმატებით გადის. მისი თქმით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა, რაც პირველი შემთხვევაა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. „იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო ავიაციის სექტორი, რომელიც მაღალი ტემპებით ვითარდება, წარმატებული, პირველ რიგში, ქართული ავიაკომპანიებისთვის იქნება. „ჯორჯიან ეარვეიზს" ვუსურვებ შემდგომ განვითარებას საქართველოს ეკონომიკის საკეთილდღეოდ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.