23-10-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული KIUInnovate-ის რიგით მე-2 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გახსნა და მონაწილეებს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.
გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების კუთხით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა თანამედროვე ქართული განათლების ერთ-ერთ მთავარიკერა, რომელიცსტუდენტებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებას სთავაზობს, ხოლო მეცნიერებსა და მკვლევრებს აძლევს საშუალებას, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, განახორციელონ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები.
გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ„ქართუ“ ჯგუფმა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახმაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისდაარსების საქმეში 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა, რაც არის უნიკალური შემთხვევა და პირდაპირ ემსახურება საქართველოს წინსვლასა და განვითარებას. მისი განცხადებით, ინვესტიცია განათლებაში ხელს უწყობს საჭირო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი მომავალი თაობის აღზრდას, კონკურენტუნარიანი პროფესიონალების რაოდენობის ზრდას და ახალი, ღირებული ცოდნის შექმნას, რაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
გიორგი ამილახვარმა საუბრისას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გერმანელ და ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს მხარდაჭერისთვის. მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით ხაზი გაუსვა საქართველოში ისეთი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას, როგორც არის KIUInnovate-ის ბიზნეს ფორუმი და აღნიშნა, რომ ფორუმში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული სამეცნიერო კავშირების გაფართოების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ „KIUInnovateBusinessForum“ წელს „TUM International“-თან პარტნიორობით KIU ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ორდღიან საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 23-24 ოქტომბერს მასპინძლობს. წლევანდელი ფორუმის თემა გახლავთ – „ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“. ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად ატარებენ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს. მონაწილეები განიხილავენ, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რა მიმართულებები უნდა გააძლიერონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პარტნიორების მხარდაჭერით და რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმი აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ელჩებს, ჩამოსულ სტუმრებს აშშ-დან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.