23-10-2023
"როდესაც დანიგანის წინამორბედი უარყოფდა ან გვიმალავდა აკერმანის ტრენინგებში მონაწილეობას, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, ქართული მხარის დაყოლიების მცდელობას „მეორე ფრონტის" გახსნისაკენ, მანამდე კი ხელს აფარებდა ISFED-ის თაღლითობა/მანიპულირებას და ა.შ." - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საინტერესოა ამერიკის ახალი ელჩის განმარტებები ყველა იმ კითხვაზე, რაც ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიმართ არსებობს.
"ობიექტურ რეალობასა და გადაჭარბებულ ოპტიმიზმს შორის ალბათ არსებობს რაღაც „ოქროს შუალედი". როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ აშშ-ს ახალ ელჩ რობინ დანიგანთან ნაყოფიერ და პროდუქტიულ თანამშრომლობაზე, ამის დადასტურების ძალზე მარტივი ხერხი არსებობს. ერთ-ერთი გადის სიმართლესა და გულწრფელობაზე.
როდესაც დანიგანის წინამორბედი უარყოფდა ან გვიმალავდა აკერმანის ტრენინგებში მონაწილეობას, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, ქართული მხარის დაყოლიების მცდელობას „მეორე ფრონტის" გახსნისაკენ, მანამდე კი ხელს აფარებდა ISFED-ის თაღლითობა/მანიპულირებას და ა.შ. ის ცრუობდა.
ამიტომ ჩვენი ოპტიმიზმი ამერიკელი ელჩების მიმართ კვლავ სიმართლეზე გადის. ჩვენი მხრიდან კი, არაფერი შეცვლილა. როდესაც USAID-ი სუს-ის მიერ გავრცელებულ, CANVAS-ის ტრენინგების ამსახველ ოპერატიულ მასალებზე გვიმტკიცებს, რომ საუბარი მიდიოდა „კულტურის მუშაკებთან საბავშვო ონკოლოგიის" საკითხებზე, ის ცრუობს, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს ამ სიცრუის გამომწვევ მიზეზებზე ქალბატონი დანიგანის განმარტება. როდესაც ჩნდება, ხოლო მერე ოფიციალური საიტიდან ქრება ინფორმაცია USAID-ის „სალაროდან" Gdi-ის გავლით ჩვენს რადიკალებზე ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდის თაობაზე, ჩვენ ამის შესახებაც გვაინტერესებს ქალბატონი დანიგანის განმარტება.
როდესაც თუნდაც ამ გადახდილი 18 ათასი ევროს ოდენობის თანხაზე არ არსებობს მისი ოფიციალური აღრიცხვა და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი USAID-ის „ყულაბაში" შავი ფულის ტრიალის თაობაზე, ამაზეც გვჭირდება ახალი ელჩის განმარტება.
ამ განმარტებების გარეშე, ქალბატონი დანიგანის მიმართ ჩვენს ოპტიმიზმს დიდი ღრუბელი ფარავს - კიდევ ერთხელ გასაგები ხდება, რატომ დასჭირდათ აკერმანის, „გირჩის" და „კანვასის" რეალური საქმიანობის დასაფარად „რუსული კანონის" თემის შემოგდება.
ელჩის განმარტების გარეშე ჩვენთვის ცალსახაა, რომ ქართველი რადიკალების მიერ ჩადენილ კანონდამრღვევებზე ჯარიმების გადახდით, დონორი ორგანიზაცია არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, ძირს უთხრის კანონის უზენაესობის იდეას, პირდაპირ ახალისებს ძალადობრივ აქტივიზმს, ძირს უთხრის ჯარიმის პრევენციულ ფუნქციას. ასე რომ, ქალბატონო ელჩო, თქვენ მიმართ ოპტიმიზმი ჯერ კიდევ გაგვაჩნია, ვცდებით თუ არა ამაში, თქვენი გადასაწყვეტია," - წერს ქართველიშვილი.