23-10-2023
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 26-27 ოქტომბერს თბილისს „აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად 2000-ზე მეტი სტუმარი ეწვევა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა „დაკავშირებადობა" იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარ ასპექტებსა და საორგანიზაციო საკითხებზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.
„დაკავშირებადობა - ეს თემა აქტუალურია ბოლო წლების განმავლობაში. გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან, როდესაც საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პოტენციალს მსოფლიოში მეტი ყურადღება ეთმობა, ფორუმის მთავარი თემაც სწორედ დაკავშირებადობაა. ჩვენ ვისაუბრებთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებაზე, თუმცა, ფორუმი მოიცავს ბევრ სხვა მიმართულებასაც - ფინანსური სექტორი, სავაჭრო საკითხები, კავშირგაბმულობა, სატრანსპორტო სფერო, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები და სხვა, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა მიმართულებას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა. ღონისძიების გახსნის ცერემონია წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგება. ფორუმის გახსნით პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. ამასთან, სხვა პანელურ სესიებში მონაწილეობენ ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერები და ეკონომიკური პროფილის მინისტრები. ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკური ნაწილის გარდა, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ბევრი გლობალური ბიზნეს-ლიდერი ეწვევა, რომლებიც სხვადასხვა, თემატურ პანელურ სესიებზე ბიზნესის და საინვესტიციო შესაძლებლობების საკითხებს განიხილავენ.
„ასეთი დიდი აქტივობა ხაზს უსვამს, რომ ბევრი ქვეყნისთვის საინტერესოა საქართველო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები. გეოგრაფია ძალიან ფართოა, ეს არ არის მხოლოდ რეგიონის ქვეყნები, ისევ ბევრი სტუმარი გვყავს როგორც სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ევროპის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აშშ-დან. საქართველოში ჩამოდიან არამხოლოდ სამთავრობო დელეგაციები, არამედ ბევრი კომპანია, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ისინი ჩვენთან ერთად ისაუბრებენ ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, „აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად თბილისში ათობით წამყვან კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები იქნებიან.