24-10-2023
„როდესაც პარტიიდან მიდიხარ მერე უნდა გეყოს თავმოყვარეობა, რომ მსგავსი განცხადებები არ გააკეთო, თუ არადა უნდა გახსოვდეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პირადად შემსწრენი არიან ბევრი რაღაცის ამ პარტიაში და დღეს თუ ხმამაღლა საკადრის პასუხს ამაზე არ სცემენ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ ახსოვთ“-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „ნაციონალურ მოძრაობაში მოხდა გადატრიალება და თუ რამე დაზიანდა ამით, ეს იყო პროდასავლური ფლანგი და პირადად მიხეილ სააკაშვილი“.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, ხატია დეკანოიძეს პირადი წყენები არ უნდა აძლევდეს იმის თქმის უფლებას, რაც თქვა.
„ვთვლი, რომ ხატიას პირადი წყენები არ უნდა აძლევდეს იმის თქმის უფლებას, რაც ახლა თქვა. ალბათ ამის დროც დადგება, რომ კიდევ უფრო მეტს ნახავს ამომრჩეველიც და სხვაც. დღეს იცით რა არის ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ სიმძიმე?- არის პირადი პოლიტიკური ამბიციები, რომელიც უადგილოა მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას. „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომ ხშირ შემთხვევაში ვუფრთხილდებით ადამიანებს.
იმ ადამიანებს, ვინც უსამართლოდ თავს ესხმიან „ნაციონალურ მოძრაობას“ მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულებს. ვუფრთხილდებით და ვითვალისწინებთ ჩვენს ამომრჩეველს, ვუფრთხილდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც არის ციხეში. ვუფრთხილდებით და კარგად ვაცნობიერებთ, რომ მოწინააღმდეგე არის “რუსული ოცნება” და არა ერთმანეთი, თორემ სათქმელი იმდენი გვაქვს, მათ შორის, კონკრეტულად ხატიასთან დაკავშირებითაც, რომ შეიძლება არასდროს ჰქონდეთ მათ სურვილი რამე ტიპის პოლიტიკური განცხადება გააკეთონ“-განაცხადა ანა წითლიძემ.