24-10-2023
ჩინეთში, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომის ფარგლებში, ვისაუბრეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის დაკავშირებადობაზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ჩინეთში პირველად გაჟღერდა, რომ ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უმაღლესი პირების მხრიდან იყო გაჟღერებული. ამაზე საუბრობდა ჩინეთის პრეზიდენტიც. შესაბამისად, ჩინეთის ბიზნესისა და ჩინეთის სამთავრობო წრეების მხრიდან ამ დერეფნის განვითარებით დაინტერესება ძალიან დიდია. საქართველოსთვის ეს მეტი შესაძლებლობაა, რომ განვავითაროთ სატრანსპორტო ლოგისტიკური კავშირები, მეტი შემოსავალი მივიღოთ ეკონომიკაში. პრიორიტეტები უნდა გადაითარგმნოს კონკრეტულ შედეგებში. კარგია და დამაიმედებელია ისიც, რომ ამ თანამშრომლობას მხარს უბამს დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც - ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, კომისიაზე განხილული იყო თანამშრომლობა ტურიზმის სექტორშიც, რომელიც ძალიან დინამიკურად შეიძლება განვითარდეს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა.
„დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ კომპლექსურად, თუ ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი გვექნება, დარწმუნებულები ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ეს არის პოზიტიური განწყობა. იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს. ეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის. ასე რომ, კომისიის მუშაობა ძალიან პოზიტიური იყო და მომდევნო წლებშიც რეგულარული კომისიის ჩატარება დაიგეგმა, იმისთვის, რომ ის აქტუალური საკითხები, რომლების იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად ეფექტურად სრულდებოდეს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.