25-10-2023
ოპოზიციის პირდაპირი პოლიტიკაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს და ქვეყანას წინასვლა არ ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც: „არის შეკითხვა, გვეკუთვნის თუ არა სტატუსი? საქართველოს მოსახლეობას არ ეკუთვნის, ქართველ ერს ეკუთვნის. სტატუსის მიღების დროს რა კონდენციაში ვიქნებით ჩვენ, მოსახლეობა ვიქნებით თუ ერი ვიქნებით, ეს ცოტა სხვა თემაა“.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გუზაბ სანიკიძის ეს განცხადება ოპოზიციაში არსებულ განწყობას ასახავს.
„ეს ის განწყობაა, რაც ოპოზიციაშია. ის პოლიტიკაა, რომელიც ოპოზიციას ვიზალიბერალიზაციის დროს ჰქონდა. გახსოვთ, რომ მაშინ მოარულად დადიოდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ისტორიები, რომლებიც ბრიუსელში კაბინეტიდან-კაბინეტში დადიოდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ ჰქონოდა. მაშინ ეს ამბად დარჩა და ვერავინ დაადასტურა. დღეს ამ ყველაფერს ღიად აკეთებენ და ამას ვხედავ, მათ შორის, იმ შეხვედრებზე, რომლებსაც ჩემთან ერთად ესწრება ოპოზიცია.
მათი პირდაპირი პოლიტიკაა, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს და ქვეყანას წინასვლა არ უნდა ჰქონდეს. თავიანთი გამოსვლების 90 პროცენტს უთმობენ იმას, რამდენად ცუდია ჩვენი ქვეყანა, რამდენად ვართ უკან სხვა ქვეყნებთან შედარებით, რამდენად ცუდია ხელისუფლება. ამის ბოლოს იტყვიან ერთ წინადადებას – ამ ყველაფრის მიუხედავად, გთხოვთ, მოგვანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ალბათ ამაში გულისხმობენ, რომ სტატუსი უნდა მოგვანიჭონ ლამაზი მთა-ბარის, მდინარეების, ფლორისა და ფაუნის გამო, რადგან სხვა მხრივ მათ საკუთარი ქვეყნის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვთ, რაც გამოიხატება ქვეყნისა და ხალხის მიღწევების ძაგებაში. ბოლოს ნამუსის მოსაწმენდად ამბობენ, სტატუსი მაინც მოგვანიჭეთო. მათი ზოგიერთი წარმომადგენელი მოკლედ და გასაგებად ამბობს, რაც მათ სურთ.
სურთ, ქვეყანას ევროკავშირის გზაზე პროგრესი არ ჰქონდეს ერთადერთი მიზეზის გამო – ისინი ფიქრობენ, რომ ამის ინსტრუმენტირებას შეძლებენ არეულობისთვის, რევოლუციური სცენარებისთვის. მათი მიზანია ამ ფორმით ხელისუფლებაში მოსვლა. ეს ერთხელ უკვე ვნახეთ შარშან, ივნისში, როცა სტატუსი არ მოგვენიჭა. ვნახეთ, როგორ გაერთიანდნენ რადიკალური ჯგუფები, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ხალხი ხედავს, იცის. კარგია, რომ მათი რადიკალური სცენარები ეკრანებს იშვიათად სცდება. სადაც ეკრანებს გასცდენია, რადიკალებისთვის ხალხსაც შესაბამისი პასუხები გაუცია “, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.