25-10-2023
"ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ამ ორი ლიდერის მხრიდან იმის მოსმენა, რომ ოპოზიციამ კრიზისები ვერ გამოიყენა," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, საქართველო დეკემბერში მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ახლა ოპოზიცია ცდილობს, ეს სალომე ზურაბიშვილის დამსახურებად წარმოაჩინოს.
„ისინი ყველანაირად ცდილობდნენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი არ მოეცათ. გარდა ამისა, საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამაში საკმაოდ დიდ დახმარებას იღებდნენ თავად ევროკავშირის მხრიდან. შეგახსენებთ შარლ მიშელის ე.წ. რაღაც გაუგონარ დოკუმენტს, რომელშიც ევროპაში არსად მოქმედი პრაქტიკის გაზიარებას გვთხოვდნენ; ასევე ხელოვნურად შექმნილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოტაჟს; იგივე 2023 წლის თებერვალში, უკრაინაში ომის შემდეგ თავად ევროკავშირმა შემოგვთავაზა ევროკავშირში განაცხადის გაკეთება და შემდგომში თავადვე გვითხრა უარი.
ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად შექმნილი კრიზისები და ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ამ ორი ლიდერის მხრიდან იმის მოსმენა, რომ ოპოზიციამ კრიზისები ვერ გამოიყენა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის დამსახურებაა.
ჩვენ ძალიან დიდი ალბათობით ველოდებით, რომ დეკემბერში ევროკავშირი მოგვცემს სტატუსს. ახლა ოპოზიციის მცდელობა მიმართულია იქითკენ, როგორმე სტატუსის მონიჭება დააბრალონ პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ ვიზიტებს. სინამდვილეში კი, მთელი ოპოზიცია, იგივე ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, გიგა ბოკერია, მთელი ძალით ცდილობდნენ ამ სტატუსის მონიჭებისათვის ხელი შეეშალათს. სინამდვილეში, მათი ეს მცდელობა წყალში ჩავარდა," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.