25-10-2023
ხომ არ გვაგონებს ეს ყველაფერი 2012-წლამდე შექმნილ შავ სიებს, პრაქტიკულად, ხალხის დასახვრეტად რომ უნდოდათ და კიდევ კარგი, ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის თაოსნობით იმ რეჟიმმა საშინელებისა და სისასტიკის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ეს შავი სიები გადაიდო გვერდზე, - ამის შეახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მოდი ერთი წამით, გვერდზე გავწიოთ ყველა შეფასება და ფაქტი აღვწეროთ. იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დააინიცირეს კანონი, რომელიც ემსახურებოდა ევრო-რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას, ისინი მოხვდნენ ბოლშევიკების შავ სიაში. იმისათვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელა თქვენმა კოლეგამ ისიც მოხვდა ბოლშევიკების შავ სიაში.
ეს არის ამბავი, რომელსაც მგონია, რომ შეფასება არ სჭირდება. როდესაც გვაქვს ფაქტი, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა პირებმა შავ სიაში შეიყვანეს ევრო-რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებისთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და ჟურნალისტი, რომელმაც პროფესიული საქმიანობა განახორციელა და რაღაც სიუჟეტი გააკეთა, არის ბოლშევიზმიც და მეორე მხრივ ფაშიზმის გამოვლინება.
ლოგოც კი, საბჭოთა ლოგოს მიამსგავსეს. მეტი ფანტაზია რუსეთიდან დაფინანსებულ ხალხს არ აქვთ, როგორც ჩანს. მგონია, რომ კარგად უნდა გაიაზრონ ამ უაზრო სიაში რატომ ხვდება ხალხი, ქვეცნობიერი რას ჰკარნახობთ მათ და ხომ არ გვაგონებს ეს ყველაფერი 2012 წლამდე შექმნილ შავ სიებს, პრაქტიკულად დასახვრეტად რომ უნდოდათ ხალხი და კიდევ კარგი, ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის თაოსნობით იმ რეჟიმმა საშინელებისა და სისასტიკის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ეს შავი სიები გადაიდო გვერდზე. ასევე დარჩება ეს მავნებლობაც. ერთადერთი, რასაც ეს შავი სიები იზამენ, იქნება მხილება იმის, თუ რა ფაშისტური იდეოლოგიის არიან რუსეთიდან დაფინანსებული პირი და მის გარშემო შეკრებილი ადამიანები“, - აღნიშნა მდინარაძემ.