25-10-2023
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელს მამუკა წერეთელსა და ამერიკელი ბიზნესმენების დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და პრიორიტეტული მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების მეტად დაახლოების მნიშვნელობაზე. მათ შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა საფინანსო სფერო, ტურიზმი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, აგროსექტორი, მრეწველობა, განახლებადი ენერგეტიკა, უძრავი ქონება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ. დადებითად შეფასდა ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოს საქმიანობა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის ახალი კავშირების დამყარებისა და არსებულის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და აშშ - ს შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდის დინამიკა. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორისაა. ხაზი გაესვა ექსპორტის ზრდის დინამიკას 2022 – 2023 წლებში. ამასთან, აღინიშნა, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია. ითქვა, რომ აშშ - ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) მხარდაჭერით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" განაახლა პორტალი www.tradewithgeorgia.com, რომელიც ექსპორტიორებს ეხმარება, უკეთ წარმართონ თავისი საქმიანობა და პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრები მოიძიონ. ასევე დადებითად შეფასდა აშშ - დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების დინამიკა - ამ მაჩვენებლით შეერთებული შტატები საქართველოს მე-7 მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნაზე.