26-10-2023
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი და დროული ღონისძიებაა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. ღონისძიების ფარგლებში, WTO-ს ხელმძღვანელმა ასევე დადებითად შეაფასა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედების გადაწყვეტილება. როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას საქართველოში.
„ჩინეთის უვიზო რეჟიმი ძალაში 3-4 კვირის წინ შევიდა. ჯერჯერობით ძნელია ციფრებზე საუბარი, თუმცა ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას. ჩინეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი როგორც მასშტაბის თვალსაზრისით, ასევე მხარჯველუნარიანობის კუთხით. ასე რომ, ვფიქრობ ეს დიდი ნაბიჯია. ბევრი ქვეყანა ინვესტიციას ახორციელებს რომ ჩინელი ტურისტი მოიძიოს, ამ შემთხვევაში ეს მარტივი სვლით გაკეთდა და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას." - აღნიშნა მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორში არსებულ აღდგენის მაღალ დინამიკაზეც ისაუბრა. როგორც WTO-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოში ტურისტული ნაკადები სწრაფად უბრუნდება 2019 წლის მაჩვენებლებს.
„პოსტპანდემიური სიტუაციის შემდეგ, მარტო საქართველოში არა, მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც ტურიზმის სექტორია განვითარებული მალე მოხდა ყველაფრის აღდგენა და ეს ციფრებში გამოიხატება. ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 85%-ია მთელს მსოფლიოში, ევროპას თუ ავიღებთ 90%-ი. საქართველოშიც იგივე ხდება. მოხარული ვარ რომ რეგიონალური განვითარება სწრაფად მიმდინარეობს, ბევრი ახალი პროექტი ჩნდება რეგიონებში, ჩვენი ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანია, კომპაქტურია და ვიტყოდი რომ რეგიონალური განვითარება აუცილებელია თანმიმდევრულად მოხდეს, რაც ესეც ხდება. ასევე კერძო სექტორი პარალელურად მიყვება ამ განვითარებას, ჩნდება ახალი კომპანიები ახალი სასტუმროები, შენდება ახალი ტურისტული ობიექტები და ეს საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს ადამიანებს ვინც ამ სექტორში არიან დასაქმებულები, ისინი არიან მთავარი მონაწილეები ამ ყველაფრის და სწორედ ტურიზმი უნდა ემსახურებოდეს ყველას და ყველამ უნდა მიიღოს შემოსავალი ამ სექტორიდან" - განაცხადა ზურაბ პოლოლოკაშვილმა.