27-10-2023
„ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ავამაღლოთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და დავამყაროთ უფრო მეტი კავშირი ევროკავშირთან. სწორედ ამ დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველო - ეს არის ადგილი ინვესტიციებისთვის, სადაც დაბალი ხარჯები თანხვედრაშია შემცირებულ რისკებთან. ასევე არის ძალიან კარგი ბიზნესკლიმატი, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა", - განაცხადა დღეს „აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ფორუმის მეორე დღეს დელეგატებს - სხვადასხვა ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორის მაღალი დონის წარმომადგენლებს საქართველოს, როგორც საინტერესო, მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ბლუმბერგის" 2022 წლის ყოველწლიურმა გლობალურმა კვლევამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა, რომელიც მეცამეტე ადგილზეა ინვესტიციების თვალსაზრისით წამყვან გლობალურ ეკონომიკებს შორის.
„გასულ წელს დავინახეთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებელზე იყო - ეს არის 2 მილიარდი დოლარი. ასევე ჩვენი ექსპორტი გაიზარდა თითქმის 32 %-ით და დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს კიდევ იქნება რეკორდულად მაღალი უცხოური ინვესტიციები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობები, ენერგეტიკა და წარმოება", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ასევე გააცნო საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციები და განვითარების დინამიკა. მისი განცხადებით, საქართველო კვლავ მიმზიდველ მიმართულებად რჩება გლობალური ტურიზმისთვის - პანდემიამდე სექტორი იზრდებოდა, საქართველოში დაახლოებით 9 მილიონი საერთაშორისო სტუმარი ჩამოვიდა 2019 წელს და საბოლოო ჯამში, 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა სექტორში.
„მოხარული ვართ, რომ უკვე გადავაჭარბეთ 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, რაც სექტორის ზრდაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მიმზიდველი შესაძლებლობები უცხოური კომპანიებისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.
ენერგეტიკა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მოთხოვნადი სექტორია, რომელზეც ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ათვისებული ენერგორესურსები. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ კუთხით ზოგადად საქართველოს პოტენციალის დაახლოებით 30%-ია ათვისებული. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს რეფორმები და სტრატეგიული პროექტები, რათა მოხდეს ჩვენი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება.
IT სექტორი და სერვისების მიწოდება - ლევან დავითაშვილმა ფორუმის სტუმრებს ამ სექტორების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ეს დარგები საქართველოში სწრაფად, დინამიურად იზრდება და ვითარდება, შესაბამისად, საინტერესო მიმართულებებია ინვესტიციების კუთხით.
„ჩვენ ვაძლიერებთ კავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან, ამ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს B2B და B2G შეხვედრები, რაც გვაიმედებს, რომ საინვესტიციო პერსპექტივები კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული და გამოვლინდება პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობები.
საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, ვიმუშაოთ მხარდამხარ მდგრადი, გამძლე და დინამიკური ზრდის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.