27-10-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს მმართველის მოადგილეს აბდულაზიზ ალსაქრანს შეხვდა, რომელიც ამ ქვეყნის დელეგაციას ხელმძღვანელობდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ თბილისის ფორუმს საუდის არაბეთიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია - მასში წარმოდგენილი იყო 24 მსხვილი კომპანია ეკონომიკის სხვადასხვა დარგებიდან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ სავაჭრო - ეკონომიკურ კავშირებსა და მათი გაღრმავების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. დადებითად შეფასდა საქართველოს და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ერთობლივი ბიზნეს საბჭო. აღნიშნულ გაერთიანებას ორი თანათავმჯდომარე ეყოლება სავაჭრო პალატების ხელმძღვანელების სახით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლები, რომლებმაც საუდის არაბეთის მხარეს საინვესტიციო პროექტები გააცნეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში. აღინიშნა, რომ 2022 წლის მონაცემებით საქართველოში საუდის არაბეთიდან 89 პროცენტით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც დიდწილად ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის განვითარებამ განაპირობა.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ენერგეტიკის, წიაღის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში.