გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილებით 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას

28-10-2023

სიტყვა „მასწავლებელი" გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელი, საპასუხისმგებლო და საპატიოა ეს სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი − 10 000 ლარის ოდენობით.


„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, ელჩებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა, ძვირფასო მასწავლებლებო. სიტყვა „მასწავლებელი" გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ზოგადად, ეს სტატუსი − რაოდენ საპასუხისმგებლო და საპატიო. მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ.


მე ასე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი გავლენა, ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის, მოსწავლის განვითარებაზე, აზროვნებაზე, მის ცნობიერებაზე, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრა-ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ − სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია. საზოგადოებაში თქვენი განსაკუთრებული როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია. თანაც ჩვენი მინისტრის ინიციატივით, თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული − 27 ოქტომბერი − ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის, ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის − დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.


საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი - 10 000 ლარის ოდენობით",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერის თქმით, მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ის დიდი ღვაწლი, რომელსაც მასწავლებლები ეწევიან.


„მასწავლებლობა, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, კარგად ვიცით, რომ ოდითგანვე გამორჩეული, საპატიო და, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა – ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ღირსეული, ჯანსაღი, განათლებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარი, მთავარი ფუნდამენტი, საძირკველი. ამ საძირკვლის სიმყარეში და სიმტკიცეში, რა თქმა უნდა, თქვენ განუზომლად დიდი როლი გაკისრიათ. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით თქვენ, მასწავლებლები, ყოველდღიურად ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის.


დარწმუნებული ვარ, ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს − გვასწავლეს, ზოგადად, აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი, ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება.


ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ, მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით ჩვენი მინისტრი და მთლიანად მთავრობა ვმუშაობთ. ახლა კიდევ უფრო მეტად, ინტენსიურად, დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლის სტატუსი და პროფესია კიდევ უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში.


„იცით, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ, ზოგადად, განათლების სისტემაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ, მშობლები, ჩვენი მოქალაქეები განდობთ ჩვენთვის საუკეთესოს − ჩვენს შვილებს, ამიტომ თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს. მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ წინა წელს ჩემი გადაწყვეტილებით დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს 1000-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, რომელშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, დაახლოებით 400 სკოლა უკვე არის შერჩეული, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე დაწყებულია 1000 საბავშვო ბაღის რემონტი, რეაბილიტაცია. ამ პროექტშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, ზოგადად, განათლების ხარისხის მნიშვნელობის გაზრდა. ასევე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე თუ სხვა, უფრო ეფექტური, სისტემის შემუშავებაზე. მე არაერთხელ განმიხილავს და მისაუბრია განათლების მინისტრთან და ვიცი, რომ იგი ინტენსიურ შეხვედრებს მართავს მასწავლებლებთან, ისმენს თქვენს რეკომენდაციებს, ხედვებს, რჩევებს. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ თქვენს ხედვას აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ ერთად, სამინისტროსთან, მინისტრთან ერთად. ასევე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გპირდებით კვლავაც გვერდში დგომას. იცოდეთ, რომ მთავრობა, პირადად მე, მინისტრი, ყველანი მზად ვართ, რომ მოგისმინოთ, მივიღოთ თქვენი რჩევები, რეკომენდაციები და შესაბამისად მოვაწყოთ, გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, დღევანდელ დღეს! ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მასწავლებლის სტატუსი და პროფესია კიდევ უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, ვფიქრობ, კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! მე გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ოჯახებს სიძლიერეს და კეთილდღეობას",- განაცხადა პრემიერმა.


საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზები 11 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა. ესენი არიან: პეტრე ბიბლუა - ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ნუნუ ანდღულაძე - ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი, ნაზიბროლა მიქელაძე - აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მედეა ბორჩაშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარინე ბერიანიძე - ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, კახაბერ ჩაკვეტაძე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ვენერა აბუსელიძე - ქალაქ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ელმირა ქსპოიანი - ქ. ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის სომხური ენის მასწავლებელი, მედეია ტრამაკიძე - ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ნინო ჯალაღონია - ქალაქ თბილისის N141 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სამირა ისმაილოვა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხო ენის, მასწავლებელი.


აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბა იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ 11 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა, რომელიც ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.


ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.