28-10-2023
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის „აბრეშუმის გზა“ ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-დან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, კატარიდან და ინდოეთიდან მედიის წარმომადგენლებისათვის პრესტურს ატარებს. ფორუმის მიმდინარეობას, საქართველოს ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო გამოცემებისა და ტელეკომპანიების წარმომადგენლები აშუქებენ. პრესტურის მონაწილეებს შორის არის Forbes ჟურნალისტი.
„აბრეშუმის გზა დიდ შესაძლებლობებს უხსნის სხვადასხვა ქვეყანას. ამ ფორუმის იდეაა, ქვეყნებმა დაამყარონ სავაჭრო კონტაქტები. ურთიერთობების დიდი შესაძლებლობებია, როდესაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ერთად იკრიბება.საქართველოს ძალიან კარგი მდებარეობა აქვს როგორც ისტორიულად, ასევე ტურისტულად. საქართველო გამორჩეულია ხალხით, ბუნებით, სამზარეულოთი და ვფიქრობ საქართველო მთელ მსოფლიოში სასურველი ტურისტული მიმართულებაა“,-აცხადებს Democracy News Live-ის რედაქტორი როჰიდ განდი.
„ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით, კოვიდის შემდეგ პერიოდში ძალიან მაინტერესებდა თუ რა ხდებოდა თქვენს ქვეყანაში, გამორჩეულად კარგი ღვინო გაქვთ, თუმცა ღვინოსთან ერთად დაინტერესებული ვარ შევიტყო თუ რა ბიზნესი კეთდება, როგორ ვითარდება ეკონომიკა, განსაკუთრებით მაინტერესებს საქართველოს საზღვაო პორტები რომ ხალხმა შეიტყოს ინვესტიციებისთვის რა შესაძლებლობებია საქართველოში“,-ამბობს ფრილანსერი ჟურნალისტი ჯოისა ბლანტი.
პრესტურის ფარგლებში უცხოური მედიის წარმომადგენლები ფორუმს დაესწრნენ, გაეცნენ თბილისის ტურისტულ ადგილებს, გაემგზავრნენ კახეთში, სადაც ტურის მონაწილეებისათვის ქართული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დაათვალიერებენ გორს, ქუთაისს, მოინახულებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, გაემგზავრებიან ანაკლიაში, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გაეცნობიან.
პრესტურის მონაწილეები მოინახულებენ ენგურჰესს, ეწვევიან ფოთსა და ბათუმს. ტურის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკური, ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს მოამზადებენ.