გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათთვის ამერიკის ინტერესები დგას უფრო მაღლა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესები

28-10-2023

საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობასა და საერთაშორისო პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა. როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო მეტი დერეფნით იქნებიან ქვეყნები ერთმანეთთან დაკავშირებული, მით უკეთესი იქნება ეს ზოგადად მსოფლიოსთვის.

 

„შეუძლებელია, გათიშო საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ვის რაში სჭირდება დერეფანი, თუ ის მხოლოდ ერთ ბოლოსთან მიდის. თუ ერთი ბოლო აქვს, მაშინ დერეფანი კი არა, ჩიხია. დერეფანში კი, თუ ერთი ბოლო ევროპაა, მაშინ მეორე ბოლო არის ცენტრალური აზია, ჩინეთი. ძალიან ძნელად წარმოსადგენია, ინდური ტვირთები საქართველოზე წამოვიდეს, იმიტომ, რომ ინდურს უფრო მოსახერხებელი გზები აქვს. როცა ჩინეთში ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი, გახსოვთ რა კაკოფონია ატეხა ქართულმა ოპოზიციამ, ლამის სამშობლოს ღალატად შერაცხა ეს.

 

სამშობლოს ღალატად არა, სხვათა შორის, თქვეს, რომ ეს არის დასავლეთისა და ამერიკის ღალატი და თითქოს ეს ეწინააღმდეგება საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას. თუმცა, ამდენი ხნის განმავლობაში, არავის ახსოვდა ჩინეთი და ვინ მართავდა მას. ამავდროულად, ევროკავშირს დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ჩინეთთან, უკრაინას დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ჩინეთთან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ბევრს აქვს ანალოგიური ხელშეკრულებები გაფორმებული ამ ქვეყანასთან, სხვათა შორის, ამერიკასაც.

 

ანუ, ბაიდენი, შოლცი, მაკრონი, სუნაკი თითქმის ყოველდღიურად საუბრობენ თავიანთ გამოსვლებში, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები ჩინეთთან, ხიდების აშენება და ქართულ ოპოზიციას კი, ეს არ უნდა. უცებ გაახსენდათ, რომ ჩინეთს მართავს კომუნისტური პარტია, რაც არ გახსენებიათ ამდენი წლის განმავლობაში და ამბობენ, კომუნისტურ ჩინეთთან ვდებთო ხელშეკრულებებს - ამ თემაზე სასწაულები ჩაატარეს. ეს ყველაფერი ისევ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.

 

ზოგი ამას თავის სისულელით აკეთებს, ზოგიც იმიტომ, რომ ხელისუფლება დააზიანოს და ამისთვის მზადაა დააზიანოს ქვეყანა. ზოგი გარკვეული ძალების ინტერესებს ახორციელებს გარედან, იმ ძალების, ვისი აგენტებიც არიან. ორი კვირის წინ დაიწყო ლაპარაკი ერთ-ერთი ახალი დერეფნის გაკეთებაზე, რომელიც ინდოეთიდან არაბეთის, ისრაელის გავლით უნდა დაკავშირებოდა ევროპას.

 

ახლა კი ეს შეუძლებელია ისრაელში განვითარებული პროცესების გამო, მაგრამ სანამ „ჰამასი“ განახორციელებდა ტერაქტებს, მანამდე ქართულმა ოპოზიციამ რომ ატეხა საოცარი ხმაური, თურმე შუა დერეფნის განხორციელება, ეს არის სამშობლოს ღალატი (სულ მეშლება ხოლმე, რადგან სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე ბრალდებაა ჩემთვის, ხოლო ისინი სამშობლოს არ ამბობენ, ისინი ახსენებენ დასავლეთის ინტერესების ღალატს). თურმე, ამერიკას უნდა, რომ ინდოეთი არაბეთის და ისრაელის გავლით დააკავშიროს ევროპას და ჩვენ თუ ამ დერეფანს განვავითარებთ, ე.ი. ამით ამერიკის ინტერესებს ვეწინააღმდეგებით, ანუ მათთვის ამერიკის ინტერესები დგას უფრო მაღლა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სინამდვილეში კი, ეს ორი დერეფანი ერთმანეთს ხელს არაფრით უშლის. რაც მეტი დერეფანი იქნება, უფრო კარგია და მსოფლიო, რაც უფრო მეტი გზით იქნება დაკავშირებული, ეს არის უკეთესი. რასაც ჩვენი ოპოზიცია აკეთებს, ეს არის მართლა ქვეყნის მტრობა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მანვე ჩამოთვალა რამდენიმე პროექტი, რომლის განხორციელებაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

 

„საუბარი იქნება სხვადასხვა პროექტებზე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე და ამის მშენებლობას არ ექნება არავითარი აზრი, თუ აქ შუააზიური და ჩინური ტვირთები არ მოვიზიდეთ. რისთვის უნდა ავაშენოთ პორტი, არც არაფერში გვჭირდება, თუ ტვირთები არ მოვიზიდეთ. სწორედ ტვირთების არსებობა ხდის მიმზიდველს ამ ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რადგან ეს შესაძლებელს გახდის ისეთი გემების შემოსვლას, რომლის მიღებაც ჯერ საქართველოს არ შეუძლია. აი, ეს არს ის პროექტები, რომლებიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას განსაზღვრავს,“ - განაცხადა სუბარმა.

 

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ამ მისწრაფების სისრულეში მოყვანა რამდენიმე კომპონენტზეა დამოკიდებული.

 

„ევროკავშირის წევრობა შეუძლებელია რამდენიმე კომპონენტის გარეშე და ამ კომპონენტებში მშვიდობასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, სამართლის უზენაესობასთან ერთად, არის ეკონომიკური კეთილდღეობა. იმიტომ, რომ უღარიბეს ქვეყანას ევროკავშირში არაფერი ესაქმება და არც არავინ მიიღებს,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.