14-09-2018
17 სექტემბერს, როცა ჩვენ იოსებ სტალინის რეჟიმის მსხვერპლთ გავიხსენებთ (სსრ კავშირმა 1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთში წითელი არმიის ნაწილები შეიყვანა - რედ.), საქართველოში, გორში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს მუზეუმში გიდები მოუყვებიან იმ ქართველ ბელადზე, რომელმაც ადოლფ ჰიტლერზე გაიმარჯვა და მშვიდობა აღადგინა. რატომ არის, რომ ქართველები, რომლებსაც იოსებ სტალინმა ბევრი უბედურება მოუტანა, კვლავ აგრძელებენ ნათელ და კეთილ ხსოვნას ამ ადამიანზე?
გორის ცენტრში აღმართულია ეკლეკტიკური სტილის მქონე სასახლე, რომელიც 1937 წელს კავკასიაში იოსებ სტალინის ნაცვალმა, მოგვიანებით კი სახელმწიფო უშიშროების ძლევამოსილმა კომისარმა ლავრენტი ბერიამ ააშენა. მუზეუმი ოფიციალურად 1957 წელს გაიხსნა და დღემდე პრაქტიკულად უცვლელი სახითაა შემონახული. მე ის ერთი თვის წინ დავათვალიერე, როცა საქართველოში ვიყავი. მნახველები ბევრნი არ იყვნენ, უმეტესად რუსები, უკრაინელები და არაბები. შენობის შესასვლელთან ბელადის გამოსახულებიანი სუვენირები იყიდება, მათ შორის ღვინოც, გენერალისიმუსის პორტრეტით.
მუზეუმის კომპლექსში შედის მარმარილოსაგან 1937 წელს აგებული სვეტებიანი საცავი, რომელიც იმ ძველ სახლს ფარავს, რომელშიც 1878 წლის 21 დეკემბერს, ღარიბი ცოლ-ქმრის - მეჩექმე ბესარიონ ჯუღაშვილისა მისი ცოლის - ეკატერინე გელაძის ოჯახში პატარა სოსო დაიბადა. საერთოდ, ისტორიკოსებს „სტალინის მშობლიური სახლის“ მიმართ ეჭვი აქვთ, რომ ეს ის შენობა არ არის, სადაც ბელადი გაჩნდა. ეს, ალბათ, უფრო იმ სახლის რეკონსტრუქციას წარმოადგენს.
მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია საკმაოდ მოსაწყენია. ცოტაა ნამდვილი სტალინის კუთვნილი ექსპონატები, დარბაზებში ძირითადად დოკუმენტებისა და ფოროსურათების ასლებია გამოფენილი. განსაკუთრებით აქცენტი გადატანილია სტალინის ურთიერთობაზე შვილებისა და ცოლების მიმართ. არის ხელით შესრულებული ნახატებიც, თუმცა ისინი რაიმე მხატვრულ ფასეულობას არ წარმოადგენენ. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა იოსებ სტალინის პორტრეტი, სადაც მხატვარმა ნამდვილად მოახერხა მომავალი დიქტატორის დემონური ნატურის ასახვა.
კოლექციის „მშვენებას“ წარმოადგენს ბელადის კრემლის კაბინეტის ასლი და იქვე შენობასთან მდგარი რკინიგზის ვაგონი, რომლითაც იგი 1945 წელს ყირიმის (იალტის) კონფერენციაზე იმყოფებოდა. გამოფენილია ბელადისადმი მიძღვნილი „მთელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების“ საჩუქრები. ექსკურსია მთავრდება დარბაზში, რომელიც ლენინის მავზოლეუმს მოგვაგონებს, სადაც 1953 წელს სტალინის მუმიაც იდგა. როგორც ვიცით, 1961 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, გენერალისიმუსის ნეშტი დაწვეს და კრემლის კედელთან ურნაში მოათავსეს.
მთელ ექსპოზიციას პროპაგანდისტულ-საბჭოური სუნი ასდის: იოსებ სტალინი განდიდებულია როგორც სახელმწიფოს მეთაური, რეფორმატორი და მსოფლიო მასშტაბის ლიდერი. არავინ არაფერს ამბობს სტალინის მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე, მუზეუმში არ არის პოლონეთის გაყოფის ამსახველი რუკა გერმანიის მესამე რაიხსა და სსრ კავშირს შორის. არ არის არც ის დოკუმენტები სტალინის ხელმოწერით, რომლის მიხედვით 1940 წელს საბჭოელმა კომუნისტებმა პოლონელი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს. გორის მუზეუმში სტალინი ისეთ პიროვნებადაა წარმოდგენილი, რომელიც მთელ მსოფლიოს უყვარდა და პატივს სცემდა. ძნელია მოძებნო ასეთი ცინიკური და დაუფარავი პროპაგანდის პრეცედენტი.
გორის მუზეუმის შესახებ არაერთხელ წერდა შესანიშნავი რეპორტიორი და კავაკსიის მცოდნე ვოიცეხ გურეცკი. მის წიგნში „წინაპრების სადღეგრძელო“ გადმოცემულია ის როლი, რომელსაც სტალინი ასრულებს თანამდროვე ქართველის ცნობიერებაში. ავტორი არაერთხელა რის ნამყოფი საქართველოში და ხაზს უსვამს, რომ მუზეუმის მიერ სტალინური ეპოქის შეფასებას არაფერი აქვს საერთო ისტორიულ სინამდვილესთან, მათ შორის მისი მშობლიური ქვეყნის - საქართველოს რეალურ ისტორიასთან, რასაც, გორის მუზეუმისაგან განსხვავებით, თბილისის ოკუპაციის მუზეუმში ნახავთ.
გორის მუზეუმი ჩვენ ლოკალური, ადგილობრივი კოლორიტის ნაწილად უნდა განვიხილოთ, წერს ვოიცეხ გურეცკი და მართალიც არის. გორი პატარა, პროვინციული ქალაქია, სადაც მუზეუმის გარდა, სხვა ღირსშესანიშნაობა არ არის. გორელებს, ალბათ, ბელადს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა მას დადებითად აფასებს: „აბა რა, პატარა გორიდან მან მოსკოვს მიაღწია, საიდანაც პრაქტიკულად მსოფლიოს ნახევარს მართავდა, იგი მსოფლიო მასშტაბის ადამიანად იქცა!“.
დროდადრო საქართველოში დისკუსია იწყება ხოლმე, რა უნდა უყონ გორის მუზეუმს, როგორი იქნება მისი ბედი სამომავლოდ. ერთ-ერთი იდეის მიხედვით, ის სტალინიზმის მუზეუმად უნდა გადაკეთებულიყო, მაგრამ დრო გავიდა და სიტუაცია იგივე დარჩა: ექსკურსიამძღოლები, რომლებიც რუს ტურისტებს დაჰყვებიან, იოსებს სტალინს კვლავ დითირამბებს უმღერიან. როცა ერთმა ტურისტმა გაიხსენა, რომ 1956 წელს სტალინის პიროვნების კულტი დაგმესო, ექსკურსიამძღოლმა გოგონამ იქვე გააწყვეტინა და განაცხადა, რომ სტალინის პიროვნების კულტი იმ გამყიდველი მოღალატეების მოგონილია, რომლებმაც ბელადის დანატოვარი მემკვიდრეობა და მდიდარი სახელმწიფო გააპარტახესო.
მუზეუმის ერთგვარ „სიახლედ“ შეიძლება ჩაითვალოს 2008 წელს გამოფენილი „დაკითხვების ოთახი“, რომელიც შინსახკომის („ენკავედეს“) გამომძიებლის კაბინეტს ჰგავს. ჩემი იქ ყოფნის დროს ექსპოზიციის ეს ნაწილი დახურული იყო და გიდებმა მიზეზი ვერ ამიხსნეს.
ვოიცეხ გურეცკის აზრით, თანამედროვე სახით მუზეუმს არსებობის უფლება არ აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიი ექსპოზიციის ნაწილს ერთგვარ რელიქტად მივიჩნევთ, მას მაინც თან უნდა ახლდეს ობიექტური კომენტარები, რათა დამთვალიერებელმა გააცნობიეროს იოსებ სტალინის დამანაგრეველი როლი საქართველოს ისტორიაში. „მე დავამატებდი, რომ იქვე მდებარე კიოსკებში სუვენირები კი არა, სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა უნდა გაიყიდოს, რომლებშიც სტალინის დანაშაულებანი იქნება განხილული“.
ჩვენი ჯგუფის ექსკურსიამძღოლი ექსპოზიციას მაინცდამაინც არ აქებდა და მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ აძლევდა: „რას ვიზამთ, ჩვენთან ასეთი ადგილობრივი კოლორიტია... სხვათა შორის, პოლონელები სიამოვნებით მოდიან და ათვალიერებენ“, - აგვიხსნა მან და იმავდროულად ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ სტალინისადმი დამოკიდებულება იცვლება: 1990-იანი წლებში საქართველოს ბევრ ქალაქში ჯერ კიდევ იდგა ბელადის ძეგლები, როცა იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ (კომპარტიის ცეკას ყოფილმა პირველმა მდივანმა, რომელიც უფრო ადრე „ენკავედეს“ მემკვიდრე უწყების ხელმძღვანელიც იყო!) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ჩამოაყალიბა იოსებ სტალინის ფენომენის შესასწავლად. დღეს ძეგლები თითქმის უკვე აღარ დარჩა, დედაქალაქში კი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაარსდა. მხოლოდ ასეთ პერქპეტივაში უნდა სეფასდეს ქართველების ძალისხმევა „დიდი სტალინის“ მითისაგან გათავისუფლების მიზნით, „რომლის მმართველობის პერიოდში საქართველო ვითარდებოდა და ყველა ბედნიერად ცხოვრობდა“.
-----------
Gosc Niedzielny - პოლონური ყოველკვირეული ჟურნალი, გამოდის ქალაქ კატოვიცეში. საერთოპოლონური ტირაჟი - 135 ათასი ეგზემპლიარი.