გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე: „მდიდარმა“, „გავლენიანმა“ და „აგენტურულმა“ ათიოდე NGO-მ სასწრაფოდ შეიცვალა პოზიცია და გააშანშალა წერილი, სადაც ამ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსის მინიჭების გულმხურვალე მხარდამჭერად მოგვევლინა

3-11-2023

არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ისინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, სოციალურ ქსელში აფასებს.


მისი განცხადებით, ე.წ. მდიდარი და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეცვლილი რიტორიკა იმაზე მეტყველებს, რომ მესამე სექტორს სურს, სტატუსის მიღება თავად მიიწეროს.


როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ქართულ საზოგადოებას ყველაფერი კარგად ახსოვს, შესაბამისად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობას, რომლებიც ცოტა ხნის წინ სტატუსის მიღების წინააღმდეგი იყვნენ, წარმატება არ უწერია.


“კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო...


ყველამ იცის ამ ქართული ანდაზის დედააზრი. ამ შემთხვევაში ეს ანდაზა პირდაპირ მიესადაგება იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ზოგი „მდიდრებს“ ეძახის, ზოგი „გავლენიანს“ და ზოგიც „აგენტურას“. მთელი ერთი წელია მათგან მხოლოდ ის გზავნილები ისმოდა, რომ საქართველოს „რუსული“ ხელისუფლება არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ის არ ასრულებს 12 რეკომენდაციას, არ უწესებს სანქციებს რუსეთს და თანხმდება ამ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების უვიზო რეჟიმის აღდგენაზე, ამიტომ ჯერ უნდა შეიცვალოს ეს „რუსული“ რეჟიმი და მერე მოხდეს სტატუსზე საუბარიო. ამ მიზნის მისაღწევად კი ამ ეტაპზე სწორედ სტატუსის მიცემაზე უარი იქნება უპრიანი, რადგან ეს ააჯანყებს ქართულ საზოგადოებას, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას პროევროპული განწყობები აქვსო.


აი, ეს იყო ის ძეხვი, რომლის „შეწვდომასაც“ მთელი ერთი წელი ცდილობდნენ პოლიტიკურ პარტიებად თუ პარტიების ფილიალებად ქცეული ეს ჩვენი „მდიდარი“, „გავლენიანი“ თუ „აგენტურული“ NGO-ები, რომლებიც აქტიურად იყვნენ მხარდაჭერილები ჩვენი უცხოელი „დაუძინებელი მეგობრების“ მხრიდან.


მართალია, ეს უცხოელი მეგობრებიც არ ყოფილან მთლად უანგარონი (როგორც გაირკვა, თურმე საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელიც კი ფინანსდებოდა ნაცების ლიდერისგან), მაგრამ რადგან მათ საერთაშორისო მოთამაშეები (უცხოელი ანალიტიკოსები და ევროპარლამენტარები) ჰქვიათ, ამიტომ მათ ნათქვამს ჩვენი NGO-ები წყალგაუვალ უდავო ჭეშმარიტებად წარმოგვიდგენენ ხოლმე.


დღეისათვის, როდესაც უკვე გამოიკვეთა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ამ ჩვენმა „მდიდარმა“, „გავლენიანმა“ და „აგენტურულმა“ ათიოდე NGO-მ სასწრაფოდ შეიცვალა პოზიცია და გააშანშალა წერილი, სადაც საქართველოსთვის სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსის მინიჭების გულმხურვალე მხარდამჭერად მოგვევლინა. სასწრაფოდ მოაწერინა ხელი სატელიტ და მხოლოდ ქაღალდზე არსებულ 100-ზე მეტ არასამთავრობოს და გაუგზავნა ევროპელ დეიდებს და ბიძიებს. ამ წერილში ისინი ამბობენ, ჩვენზე გულმხურვალედ არავინ უჭერს მხარს საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებასო, მერე რა, რომ ცუდი ხელისუფლება გვყავს, ჩვენ ხომ კარგები ვართო და ამ „ჩვენში“ იმას გულისხმობენ, რომ თითქოს სწორედ ისინი წარმოადგენენ მთელ ქართულ საზოგადოებას და არა ხელისუფლება.


მათ ქართველი ხალხი სკლეროზიანი და განუვითარებელი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ მათი გუშინდელი და გუშინწინდელი სიტყვები, ქცევები აღარავის ახსოვს. ცდილობენ თვითონ მიიწერონ სტატუსის მიღებას. ჰა, ჰა, ამ „გამარჯვებაში“ განაცებული მადამ პრეზიდენტი ჩაიზიარონ. მოკლედ, ამ ჩვენს „მდიდარ“, „გავლენიან“ და „აგენტურულ“ NGO-ებს ასეთი „კარტინკის“ შექმნის მიზანი აქვთ. სინამდვილეში აღნიშნული სტატუსის მიღება ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისხმევის გარდა, ძირითადად იმის დამსახურება იქნება, რომ საქართველო როგორც კავკასიაში, ისე ახლად გადანაწილებულ მსოფლიოში მრავალი მიზეზის გამო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სწორედ ამის გამო იყო, რომ რამდენიმე თვის წინ ქართველ პრემიერ-მინისტრს ასეთი პომპეზური დახვედრა მოუწყო მილიარდ-ნახევრიანმა ქვეყანამ და არა იმიტომ, რომ ქართველების ლამაზი თვალები მოსწონს ვინმეს.


საქართველოს როლის აღიარება და ხაზგასმა იქნება სტატუსის მიღების მთავარი მიზეზიც, რადგან გეოგრაფიული მდებარეობის, სატრანზიტო გზის თუ სხვა მიზეზების გამო დასავლეთსაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის საკუთარ რიგებთან ჯერ დაახლოება და შემდეგ მიღება.


მთავარი მაინც ის არის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარს დროშად ვეღარ გაიხდიან მის წინააღმდეგ ბრძოლაში რადიკალური ოპოზიცია და მათი სატელიტი NGO-ები, რომლებიც დღეს გაიძახიან, მაგას არც ვაპირებდითო. ახლა მათ ალბათ ისღა დარჩენიათ, რომ როდესაც ქვეყანა ამ სტატუსს გარკვეული დათქმებით მიიღებს, ერთწლიან წინასაარჩევნო პერიოდში დროშად უკვე ამ დათქმების შესრულების მოთხოვნა გაიხადონ. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც მათ თვალთმაქცურ და თაღლითურ მცდელობებს წარმატება არ უწერია, რადგან ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გაზრდილია იმისთვის, რომ ნამდვილი და რეალური ადვილად გაარჩიოს ყალბისგან და თაღლითურისგან” - წერს ნანა კაკაბაძე.