6-11-2023
ევროკომისიის შუალედური ანგარიშის თარიღის მოახლოებასთან ერთად, რომელმაც უნდა შეაჯამოს ქვეყნის მზაობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს “ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ოპოზიცია ქვეყნის შტურმს აგრძელებს.
„რიტორიკა არ შეუცვლიათ, შეცვალეს ფორმა. ადრე თუ ამბობდნენ არ მიიღებს სტატუსს საქართველო და პასუხს აგებს ხელისუფლება, ახლა ამბობენ, რომ თუ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამას არ იმსახურებს ქვეყანა. ეს ამას ნიშნავს სწორედ, რომ ეს არის ქვეყნის შტურმი. როგორ შეიძლება შენ სთხოვო პარტნიორებს მოგანიჭონ სტატუსი და ამ დროს ეუბნებოდე, რომ იქ ხელისუფლება არ ვარგა, ინსტიტუტები არ მუშაობს. აბა, სუფრა რომ კარგი გვაქვს ვიცით და ამის გამო ხომ არ მოგვცემენ სტატუსს, უნდა მოგვცენ იმიტომ, რომ სახელმწიფო კარგია, ინსტიტუტები მუშაობს და დემოკრატია არსებობს.
ხალხის უმრავლესობა თუ იმსახურებს, მაშინ ხელისუფლება და სახელმწიფო იმსახურებს, იმიტომ, რომ ეს ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას.
ქალბატონმა რასამ (იუკნევიჩიენე) კი, რომ მიხედოს ევროპარლამენტს და თავის ქვეყანას კარგი იქნება, იმიტომ, რომ ევროპარლამენტში, ევროკავშირში და ევროპაში, შეთანხმებულები არიან, რომ დიდი ალბათობით ჩვენ გვეკუთვნის სტატუსი და ასეთ შეურაცხყოფებს თავი დაანებოს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.