7-11-2023
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში WTM London 2023 იღებს მონაწილეობას.
სამცხე-ჯავახეთის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ რეგიონის ტურისტულ მიმართულებებს და ტურისტულ პროდუქტებს. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ტურისტულ კომპანიებთან.
„საქართველოსთვის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ძალიან დიდი წარმატებაა ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მიღება. გამოფენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გვქონდა უკვე პირველი დღისთვის საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები, ძალიან დიდი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ და მაქსიმალურად ვცდილობთ წარვუდგინოთ სამცხე-ჯავახეთი დაინტერესებულ პირებს“, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მუმლაძემ.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მოწყობილ საქართველოს სტენდზე სამცხე-ჯავახეთის გარდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, სამეგრელოს, იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები, 20-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმროს ქსელია წარმოდგენილი.
WTM London 2023 გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.