გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - გზა ორმხრივი სარგებლის მომტანი დიპლომატიისკენ," - გენადი არველაძემ სამხრეთ კორეულ „კორეა ჰერალდს" ინტერვიუ მისცა

7-11-2023

„კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - გზა ორმხრივი სარგებლის მომტანი დიპლომატიისკენ," - ამ სათაურით გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა სამხრეთ კორეულმა გამოცემამ „კორეა ჰერალდმა" (The Korea Herald) სტატია საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.


გამოცემას ინტერვიუ მისცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელმაც 3 ნოემბერს კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კორეის ვაჭრობის მინისტრ დუგკუნ ანთან ერთად, ხელი მოაწერა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების ერთობლივ განცხადებას. ასევე, გაფორმდა შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების დოკუმენტი. შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა 2024 წლის პირველ კვარტალში დაიგეგმა.


„კორეა ჰერალდთან" ინტერვიუში გენადი არველაძემ განაცხადა, რომ „შეთანხმება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებას, არამედ ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს უზრუნველყოფს".


სტატიაში ავტორის განმარტებით, საქართველოს, როგორც ენერგეტიკულ დერეფანს, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ძირითადი მარშრუტების ალტერნატივას, მაღალი სტრატეგიული ღირებულება აქვს და, ასევე, აქვს მნიშვნელოვანი პოტენციური ბაზარი, რომელიც დაკავშირებულია მეზობელ ეკონომიკურ ზონებთან, როგორიცაა ევროკავშირი, ყურის თანამშრომლობის საბჭო და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. „კორეა ჰერალდს" მოჰყავს სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას შეუძლია ორივე მიმართულებით გააძლიეროს მიწოდების ჯაჭვებში ეკონომიკური თანამშრომლობა და გააფართოოს ექსპორტი და ინვესტიციები.


სტატიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმებას ხელი მომავალ წელს გაფორმდება. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ორმხრივ ვაჭრობაში ამჟამად არსებული 100 მილიონი აშშ დოლარის ბრუნვა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და არის მნიშვნელოვანი პოტენციალი.


„ორი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურისა და სავაჭრო მოდელის განსხვავება აჩვენებს, რომ კორეისა და საქართველოს ეკონომიკა ერთმანეთს ავსებს", - განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გახსნის შესაძლებლობას კორეის ბაზარზე ისეთი ქართულ პროდუქციის შეტანისთვის, როგორებიცაა ღვინო, თხილი, სასუქი, ჩირი, ხილი, ბოსტნეული და სხვა.


არველაძის თქმით, კორეის ბიზნესებმა უნდა გამოიყენონ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ისარგებლონ ქვეყნის, როგორც შავი ზღვის რეგიონში ვაჭრობის, ლოგისტიკის, ტრანსპორტირების და ენერგეტიკის უმნიშვნელოვანესი რეგიონალური ჰაბის შესაძლებლობებით. „საქართველოს რეგულაციების ხარისხი და მთავრობის ეფექტურობა უსწრებს რეგიონის საშუალო დონეს და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, ხოლო მისი სტრატეგიული მდებარეობა, ძლიერი ზრდის მაჩვენებლები, ინსტიტუციური წყობა და საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირთან ჰარმონიზაციის სწრაფვა უზრუნველყოფს ურთიერთკავშირს, დივერსიფიკაციას და ევროპა-აზიის სავაჭრო გზების გაფართოებას," - აღნიშნა გენადი არველაძემ „კორეა ჰერალდთან" საუბარში.

არველაძის თქმით, საქართველო არის სანდო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნის გავლით ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის უწყვეტი და უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, ენერგორესურსების ტრანზიტისა და ენერგოუსაფრთხოების მიწოდების ჯაჭვებში რეგიონულ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.


„მივესალმებით და ველით სამხრეთ კორეელი ინვესტორების ინტერესს „მწვანე" პროექტებში, რათა მხარი დაუჭირონ განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ტრანსპორტის და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას, ასევე ახალ ტექნოლოგიებს, რესურსების ეფექტური, ინოვაციური და სუფთა წარმოების ჩათვლით," - განაცხადა არველაძემ. „კორეა ჰერადთან" საუბარში მან ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი; აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი; ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი; სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. „საქართველო გთავაზობთ შესაძლებლობების მიმზიდველ სპექტრს, რომელსაც მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა აქვს," - თქვა მინისტრის მოადგილემ.


„კორეა ჰერალდთან" საუბარში, გენადი არველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ღია სავაჭრო პოლიტიკა და კორეასთან საერთო ხედვა ქმნის ხელსაყრელ გარემოს ეკონომიკური კავშირების დაჩქარებული განვითარებისთვის. მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარობის შესახებ და ხაზი გაუსვა კორეიდან მიმდინარე წლის ცხრა თვეში 11 000-ზე მეტი ვიზიტორის სტუმრობას. მისი თქმით, მომავალი წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით სეული-თბილისის ჩარტერული ფრენების განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადების გაზრდას და ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს.