4-12-2017
ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) გორის მერია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს, უსინათლოებსა და დევნილებს კომუნალურ გადასახადებზე დახმარებას მისცემს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოდან აცნობეს. ახალი დადგენილების მიხედვით, რომელიც 2017 წლის 24 ნოემბერს მიიღეს, დახმარება ზამთრის პერიოდში, ერთჯერად ფულად კომპენსაციას, 60 ლარის ოდენობით, ითვალისწინებს
დადგენილების მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახებს კომუნალურ გადასახადებზე დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 60 (სამოცი) ლარის ოდენობით;
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: განცხადება მერის სახელზე;)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია. დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
დახმარების მიმღებნი შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეფასების შედეგად, მინიჭებული აქვთ 0-დან 65000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზის რეგისტრაციის ამონაწერში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული საზღვრები გარდა მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირებისა.
რაც შეეხება მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირთა ოჯახებს, მათთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება კომუნალურ გადასახადებზე 240 (ორას ორმოცი) ლარის ოდენობით იქნება.
ამ შემთხვევაში დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: განცხადება მერის სახელზე; დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (სტატუსით –„უსინათლო“) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; )დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში; სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი.
ანაზღაურებები მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"