გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ მეცნიერთა საერთაშორისო დღის ფარგლებში თსუ მეცნიერები დააჯილდოვა

10-11-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მეცნიერთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. რექტორის ინიციატივით, დაჯილდოებულ მეცნიერებს უნივერსიტეტისგან ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.

 

ღონისძიებაზე რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა მეცნიერების როლზე ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში, თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერების ღვაწლზე მეცნიერების წინაშე, მათ მიერ ჩატარებულ წარმატებულ კვლევებზე, საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობაზე და ასევე, იმ გამოწვევებზე რომელიც დღეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წინაშეა.

           

„ქვეყანა დგას მეცნიერებაზე, განათლებაზე. მეცნიერების გარეშე ქვეყნის წინსვლა, განვითარება არ არსებობს. ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოსთვის ეს მიმართულება არის პრიორიტეტული, ამიტომაც ჩვენც ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოუცხადონ მეცნიერებს. ჩვენ უკვე ვდგავარათ ევროპის კართან და ჩვენი მეცნიერების მიღწევებმა უნდა დაგვიმკვიდროს გამოკვეთილი ნიშა ევროპულ ოჯახში“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში მყოფ 16 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე მეცნიერებას. როგორც რექტორმა აღნიშნა, აუცილებელია მათი მხარდაჭერა სახელმწიფოს და უნივერსიტეტის მხრიდან, რომ უფრო პრესტიჟული გახდეს მეცნიერის სტატუსი, გაახალგაზრდავდეს მეცნიერება და სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტებმა უფრო მეტი წვლილი შეიტანონ თანამედროვე განათლების და მეცნიერების სისტემის შექმნაში.

 

თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატალია ჩინჩალაძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს მეცნიერების დაფასებისა და დაჯილდოებისთვის.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე. რთულია მეცნიერებაში ყოფნა, მაგრამ რომ არ განვითარებულიყო მეცნიერება, ალბათ, დავრჩებოდით  გამოქვაბულებში. მეცნიერება დიდ შრომას მოითხოვს, უნდა იცნობდე მსოფლიოს მიღწევებს, მუდმივად ანახლებდე შენს ცოდნას, მაგრამ თუ იშრომებ, დაგიფასდება. ყველა ჯილდო არის სტიმული, რომ უფრო მეტი გააკეთო და უფრო წინ წახვიდე“,-აღნიშნა ნატალია ჩინჩალაძემ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ: მანანა კაკაბაძე ( ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი); გიორგი თოდრია (თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი); თეიმურაზ კორძახია (პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი); ომარ ძაგნიძე (ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი); დავით გოგოლი (რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტი); რუსუდან ჩოლოყაშვილი (შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი); ოთარ ვარაზანაშვილი (მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი): ჯამლეტ მონასელიძე (ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი; ვახტანგ ბურდული (პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი); ნატალია ჩინჩალაძე (ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი); გულიკო ლიპარტელიანი (ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი);  იზოლდა ქამუშაძე (ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი); იზოლდა (იზა) ჩანტლაძე (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი); ციალა იოსელიანი (ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი); გიორგი ბერიძე (ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი); გია გელაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი).

 

მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც UNESCO-ს ეგიდით 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.