14-11-2023
საზოგადოებაში ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ეიფორია ჯერ კიდევ არ განელებულა და ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, სამწუხაროდ, უკვე მოასწრეს იმის შეხსენება, რომ ქართული სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციის მიმართ ახლაც ზუსტად ისეთივე უდიერი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც აქამდე ქონდათ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სალომე ზურაბიშვილისგან საარჩევნოდ ღირებული პოლიტიკური ფიგურა ვერ გამოიძერწება და ამ საქმისთვის ვერც მისი უცხოური ვოიაჟები მოიტანს რამეს - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა 8 ნოემბერს მის მიერ ჩატარებულმა აქციამაც, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეების, ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების და რადიკალური ოპოზიციის სახეების გარდა, პრაქტიკულად, არავინ მისულა. ამ ფონზე, ევროპაში სალომე ზურაბიშვილის მორიგ არაკონსტიტუციურ ვიზიტს ერთადერთი ფასი აქვს - ზურაბიშვილის უფროსებს სურთ შეგვახსენონ, რომ საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობენ და შესაბამისად, არც მის კონსტიტუციას დაგიდევენ რამედ. მათი მიზანია, მუდმივად მიგვანიშნონ, რომ საქართველო შემდგარ სახელმწიფოდ არ შეიძლება განიხილებოდეს და შესაბამისად, მას არც კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია.
საქართველოს კონსტიტუციას ყველაზე ხშირად სალომე ზურაბიშვილს რომ არღვევინებენ, შემთხვევითი არაა. პრეზიდენტი, მართალია, სიმბოლურად, მაგრამ კონსტიტუციის გარანტად იწოდება და სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას მისი პატრონებისთვის განსაკუთრებული ფასი აქვს.
სალომე ზურაბიშვილსაც სირცხვილის გრძნობა სრულად აქვს დაკარგული და იმ წინაპრების შთამომავალი, რომლებიც პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნის სათავეებთან იდგნენ, დღეს მაქსიმალურად იხარჯება, რომ შემდგარი ქართული სახელმწიფო დააზიანოს. ყველას გვახსოვს 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის უზენაესობის არცნობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო. გვითხრეს, რომ რიგგარეშე არჩევნები არა კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არამედ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც „ქართული ოცნება“ მუნიციპალურ არჩევნებში სრულიად გაუგებარ 43-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს;
გვითხრეს, რომ ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს არა ისეთი საარჩევნო ბარიერი, რომელსაც კონსტიტუცია ხანგრძლივი საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების შემდეგ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დაადგენს, არამედ ისეთი, რომელსაც ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ვიღაც ერთი უცხოელი ერთი ხელის მოსმით პოლიტიკურ შეთანხმებაში ჩაგიწერს;
გვითხრეს, რომ უარი უნდა ვთქვათ კანონის აღსრულებაზე და ციხიდან გავათავისუფლოთ კრიმინალები და ა.შ. ისიც ყველას გვახსოვს, თუ როგორ დაასანქცირეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეები, ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ კი გაბრაზდნენ, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეზე კონსტიტუციის გავრცელება გადაწყვიტა.
სიტყვამ მოიტანა და აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ განცხადებასაც, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პატრონებმა ჩინეთის პრეზიდენტზე, სი ძინ პინზე გააკეთებინეს. ვიღაცის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სტრატეგიული ინტერესი, გააღრმავოს პარტნიორობა ჩინეთთან და შეეცადნენ, ურთიერთობების გასაფუჭებლად ზურაბიშვილი გამოიყენონ. თუმცა, ეს მცდელობაც ისეთივე ფუჭია, როგორც მცდელობა, სალომე ზურაბიშვილის არაკონსტიტუციური ვიზიტებით საქართველოში სამართლის უზენაესობას გამოუთხარონ ძირი. უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედი აგენტურა არ ცნობს ქართულ სახელმწიფოს და მის კონსტიტუციას, რადგან თავიდან ბოლომდე სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგას.
რადიკალური ოპოზიციისა და მისი პატრონების მხრიდან ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე საქართველო დემოკრატიად რჩება და ქვეყანაში აგენტოკრატია არ დამყარდება. თუმცა, ჩვენი სამომავლო ძალისხმევის მთავარი მიზანი სწორედ სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის უზენაესობის განუხრელი დაცვა და შენარჩუნება უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მიღწევა და სტატუსი ერთიანად მოგვრჩება უკან“ - ნათქვამია განცხადებაში.