14-11-2023
„როგორ შეიძლება პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ დაახლოებით 100 ათასამდე ხმას ვერ მოაგროვებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნები შეაფასა, რომელთაც არგუმენტად მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყავთ და აღნიშნა, რომ მათი [ოპოზიციის] მხრიდან ეს შეგნებული მანიპულაცია და მავნებლობაა.
„ირაკლი კობახიძემ 2022 წლის ზაფხულში განაცხადა, რომ თუ დეკემბერში მივიღებდით სტატუსს, ამ შემთხვევაში ბარიერი დაიწევდა. თუმცა, 2022 წლის ზაფხულს არავინ ახსენებს, რადგან იქნებ ვიღაც მოტყუვდეს, ეს ხომ არ არის წელს გაკეთებული განცხადება. შეგნებული მანიპულაცია და მავნებლობაა მათი მხრიდან.
და მეორე, აქედან ჩანს, ისინი ბარიერის დაწევას რომ ითხოვენ, საუბარია პარლამენტარობაზე და არა რამე სხვა სახის წარმატებაზე. უბრალოდ პარლამენტის მანდატები უნდათ, თორემ რამე გამარჯვების შანსზე რომელიმე რომ ფიქრობდეს, ბარიერს საერთოდ არ შეეხებოდნენ.
როგორ შეიძლება პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ მოაგროვებს დაახლოებით 90-დან 100 ათასამდე ხმას. მაქსიმუმია ეს, რაც 5%-იანი ბარიერის გადასალახად არის საქართველოში საჭირო. მცირე ერი ვართ და ამომრჩეველი არ არის იმდენი, რომ 100 000 ხმაზე მეტი იყოს საჭირო 5%-იანი ბარიერის გადასალახად. შესაბამისად, თუ 100 ათასზე და 90 ათას ხმაზე მეტს ვერ იღებ, რომელ პარტიაზეა ლაპარაკი? უნდა იფიქრო, რომ ამას აუცილებლად ვიღაც შენიშნავს. როგორც კი შენ ბარიერს ითხოვ და მის დაწევას, აქ არ გაქვს იმედი, რომ 100 000-მდე ხმას მოაგროვებ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.