19-09-2018
USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში ატარებს. პროექტის მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. ასეთი შეხვედრა დღეს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა, რომელსაც სამეგრელოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა ბათუმში, გორში, ქუთაისსა და თელავში.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლი ჩაატარა. პროექტისთვის ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული წარმომადგენლობებიდან 15 მონაწილე შეირჩა, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს. პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული კანდიდატები მუშაობდნენ დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და აწვდიდნენ მათ შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.
USAID G4G პროგრამის ფარგლებში 6 ახალი გამოცემა შეიქმნა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება.