19-09-2018
ქუთაისის მერიის შენობაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წევრები - ამირან კოპალეიშვილი
იმედა საღინაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს, გია უკლებას და გიგა შუშანიას თავს დაესხნენ და სცემეს.
ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ვინაიდან ადგილზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ, ცოტა ხნის წინ სხდომა დაიწყო, სადაც განცხადება გააკეთა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ.
"ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა თვითმმართველობაში. თქვენ ამით ვერ შეგვაშინებთ. სხდომას არ დავტოვებთ," – განაცხადა გია უკლებამ.
დაპირისპირება მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ შეცდომას უკავშირდება, რის გამოც მერია დაცინვის მიზეზი გახდა. დეპუტატებმა ოპონენტები დაცინვის გამო ცემეს. კერძოდ, გუშინ მერიამ და უშუალოდ მერმა გაავრცელეს ინფორმაცია სკვერის განათების შესახებ და მიუთითეს, რომ ნიკო ნიკოლაძის სკვერი განათდა, რეალურად, სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, რის გამოც მერიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი ქალაქის ისტორიის
შესწავლისკენ მოუწოდეს.