15-11-2023
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროპულ მომავალთან ერთად, კიდევ ერთი დასტურია, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესის.
მისი თქმით, საქართველო ამჟამად, პირველად ამზადებს ევროკავშირის ეკონომიკური რეფორმების გეგმის დოკუმენტს ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით. მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის ESA 2010 აღრიცხვის სტანდარტთან საქართველოში მოქმედი IMF-ის GFSM 2014-ის აღრიცხვის დაკავშირებაზე; გრძელდება მუშაობა საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმაზე.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით წლებია ხორციელდება შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმა.
მისი თქმით, საქართველოს საგადასახადო სისტემა წლებია წარმატებით ვითარდება ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალური თავსებადობის პრინციპით და მეტწილად, ჰარმონიზებულია, მათ შორის, დღგ-ის და დიდწილად აქციზის ნაწილში, კვლავ გრძელდება მუშაობა ფისკალური ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიზნით.
„ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს მუდმივ რეჟიმში მდგრადი მაკრო-ფისკალური პარამეტრების შენარჩუნებას და მკაცრ, თუმცა ამავდროულად, ეფექტურ და მოქნილ ფისკალურ დისციპლინას, რომელიც ვითარდება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.