15-11-2023
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი მილიარდ 519 მილიონი ლარიდან 578 მილიონი ლარი მიიმართება სოციალურად დაუცველთა ბაზაში 16 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებებზე.
„მოგეხსენებათ, აღნიშნული დამხარება თითოეულ ბავშვზე 2020 წელს შეადგენდა 50 ლარს, ხოლო წელს პირველი ივლისიდან მისი ოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი და 200 ლარს შეადგენს. გარდა ბავშვთა დახმარებისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებებისთვის გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი. გასულ წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის შესაბამისად, იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლებიც, კერძოდ, 18 წლამდე ასაკის, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემელი იზრდება 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიების გასაცემელი 20 ლარის ოდენობით; ჯამში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემლებზე 2024 წელს მიიმართება 365 მლნ ლარზე მეტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური დახმარებების ფარგლებში, 2024 წელს, ასევე, იზრდება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მოცულობაც.
„საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები ძირითადი კატეგორია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრები, ასევე, 9 აპრილს დაზარალებულები არიან. აღნიშნული საკითხი დაყენებულ იქნა ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვისას და გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია სუბსიდიის ზრდა. მოგეხსენებათ, საყოფაცხოვრებო სუბსიდია თანხობრივად დაყოფილია 3 კატეგორიად და მომდევნო წელს დაგეგმილია სამივე კატეგორიის გაზრდა, კერძოდ:
• 7 ლარიანი სუბსიდია იზრდება 40 ლარამდე;
• 22 ლარიანი სუბსიდია განისაზღვრება 60 ლარით;
• 44 ლარიანი სუბსიდია იზრდება 80 ლარამდე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური დახმარებების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ახალი პროგრამაა გათვალისწინებული. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში პირველადი შეფასებით, ათასამდე მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც არ გააჩნიათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო 2 წლის განმავლობაში შესყიდული იქნება მათთვის საჭირო საცხოვრებელი ფართები, სადაც ამ ოჯახებს და მათ მცირეწლოვან ბავშვებს, შეეძლებათ ღირსეულ პირობებში ცხოვრება. 2024 წელს ახალი პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 25 მილიონი ლარი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.