16-11-2023
„უკრაინასა და მოლდოვას, რომელთაც ჩვენზე ერთი წლით ადრე მიიღეს კანდიდატის სტატუსი, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი აქვთ. სულ ამ ორი ქვეყნის მაგალითი მოჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას და მაშინ ამაშიც მივბაძოთ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერი ნიშნავს 40 000-ზე ნაკლები ამომრჩევლის ხმას და თუ ამაზე მეტი ხმის მობილიზება არ შეუძლია პარტიას, მას არავითარი საქმე არ აქვს პარლამენტში.
„ევროპის აბსოლუტურად უმრავლეს ქვეყნებში 5%-იანი ბარიერია. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, სადაც 5 %-ზე დაბალი ბარიერი აქვთ. 5%-იანი ბარიერი ქვეყნის დემოკრატიული სტაბილურობისა და კონსოლიდირებული დემოკრატიული მმართველობისთვისაა აუცილებელი. ზოგადად, პარტიები ხალხის განწყობებს უნდა მოერგონ, თავიანთი გეგმები შესთავაზონ და ამის მიხედვით მიიზიდონ ამომრჩეველი და არა პირიქით - რამდენი ამომრჩეველიც ჰყავს პარტიას, იმდენზე დაიწიოს საარჩევნო ბარიერმა.
დაბალი ბარიერით მეტი პარტია იქნება პარლამენტში და პლურალიზმისთვის არის ეს საჭიროო - 300 წელია ორი პარტიაა ამერიკაში და არ არის იქ დემოკრატია? თუ დიდ ბრიტანეთში არ არის დემოკრატია? ეს აბსოლუტურად მიუღებელი არგუმენტია.
საქართველოში არჩევნებზე დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი ადამიანი იღებს ხოლმე მონაწილეობას და 2 % არის 40 000-ზე ნაკლები ხმა. ამაზე მეტი ხმის მობილიზება რომ არ შეუძლია, იმ პარტიას მართლა არაფერი საქმე არ აქვს პარლამენტში. შესაბამისად, ოპოზიციამ იზრუნოს და ამომრჩეველს ან კარგი პროგრამები შესთავაზოს, ან კარგი ლიდერი ჰყავდეთ, რომელსაც ხალხი გაჰყვება, ან გაერთიანდნენ და ან რაღაც გააკეთონ. არავითარ შემთხვევაში არ დაიწევა საარჩევნო ბარიერი 2%-მდე, ეს არის გამორიცხული,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.