20-09-2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის წარმომადგენლებისგან ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას, ასევე, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი ეცნობა. ამერიკელი მეცნიერის შეფასებით, მდგომარეობა და მოსახლეობის მიდგომა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.
რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟება და მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები. მოსახლეობა მუდმივად იღებს ინფორმაციას მექანიკური მეთოდების შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით მავნებლის პოპულაცია შემცირებულია და მნიშვნელოვანია ცალკეული მუნიციპალიტეტების წარმატებული მაგალითების გაზიარება. აბაშის მუნიციპალიტეტში, ეგრეთ წოდებულ ანჯელის მასივში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად სიმინდის მოსავლის შენარჩუნება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება მოხერხდა. შეხვედრაზე განიხილეს ასევე თხილის ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოსავლის დაზიანება ძირითადად სოკოვანი დაავადებებით არის განპირობებული.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ცივი შესხურებით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით 611 ათასამდე ჰექტარია დამუშავებული. მათ შორის: სამეგრელო-ზემო სვანეთში - 255 005 ჰექტარი, იმერეთის რეგიონში - 197 655 ჰექტარი, გურიის რეგიონში-135 160 ჰექტარი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 21 234 ჰექტარი.