გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ამილახვარმა მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

18-11-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.


 

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და სპეციალური პრიზები, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად, გადასცა.


 

2023 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტები სპეციალურად დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა: გრანპრით დაჯილდოვდნენ პროექტის „რეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტური ტელესკოპი“ ავტორები – ირაკლი ვეშაპელი, საბა კუტიბაშვილი, ანასტასია კიკალია.


 

 

პირველი ადგილი დაიკავა პროექტმა „ტვინით მართვადი დრონი“, რომლის ავტორებიც გახლავთ ნიკა ყუფარაძე, კონსტანტინე გოტიაშვილი, მარიამ პერანიძე.


მეორე ადგილზე გავიდა პროექტი „ადგილობრივი ნედლეულიდან არანიუტონისებრი თიხის მიღება და გამოყენება“. ავტორები – ანასტასია დეკანოსიძე, მარიამ ლომინაშვილი, ნიკოლოზ ბურდული.


 

მესამე ადგილი დაიმსახურა პროექტმა „ფუტკრის შხამის მიღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა“, რომლის ავტორები არიან – ნინო გურეშიძე, ზურაბ რეზესიძე, სანდრო ჩიქოვანი.


 

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორები 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ, პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 5 000 ლარი, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 3000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის შემქმნელებს - 2000 ლარი გადაეცათ.


კონკურსის წარმატებული მონაწილეები ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“, მთაწმინდის პარკის, სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოს  ქიმიკოსთა ასოციაციის სპეციალური პრიზებით.


 

დაჯილდოების ღონისძიების დაწყებამდე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის” დასკვნითი ეტაპი – ინოვაციური პროექტების, მოდელების გამოფენაც გაიმართა. ამასთან ჩატარდა მოკლე პრეზენტაციები კონკურსის ფინალში გასული პროექტების შესახებ.


 

2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჯამში 29 საპროექტო განაცხადი შემოვიდა. მეორე ეტაპზე გადავიდა 16 პროექტი. აქედან, დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის შესაძლებლობა 12-მა პროექტმა მოიპოვა.


 

აღსანიშნავია, რომ კონკურსი  „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროექტია, რომელსაც ფონდი სამინისტროს ხელშეწყობით 2011 წლიდან ახორციელებს.


 

კონკურსის   მიზანია სკოლებში სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.


 

კონკურსი არის ღია და მის ფარგლებში ყოველწლიურად ჟიური, თანასწორი კონკურენციის პირობებში, გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს. ამასთან, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.


კონკურსი ხორციელდება ორი – სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით.


 

კონკურსს აფასებს  7 დარგობრივი ექსპერტებისგან შემდგარი  საკონკურსო კომისია. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება რამდენიმე კრიტერიუმის (საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა, პრეზენტაციის უნარი) და კონკურსის ეტაპებზე მოპოვებული ქულების გათვალისწინებით.  


კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფო და კერძო სკოლების  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.