20-09-2018
გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას განცხადებით, გორში, კანაფის მომხმარებელთა ახალი ჯგუფი გამოჩნდა - ესენი არიან გოგონები და ქალები. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ტელეკომპანია ,,პირველების" გადაცემაში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას მრევლისგან აქვს, რომლებიც უკვე გულისტკივილით შესჩივიან სასულიერო პირებს.
,,კანაფი სამწუხაროდ დათესილი აქვთ სოფლებში, ძალიან ბევრს ეზოში და ბაღშია ეს მცენარე, მას სრულებით შეუზღუდავად მოიხმარენ, ეწევიან ახალგაზრდები და ძველგაზრდებიც. პოლიცია შეზღუდულია, პრაქტიკულად ვერ ახდენს ვერანაირ რეაგიორებას, შეიძლება რეაგირების შემთხვევაში, აზრს ვერ ხედავს, ვერ აუკრძალავს მის მოხმარებას ადამიანს. ეს ერთი ფაქტორი, მეორე რის გამოც მინდა ჩემი წუხილი გამოვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ ტენდენციას. კანაფის მომხარებელთა წლოვანებამ იკლო, მას უკვე მოიხმარენ 14 წლის ბავშვები. მე კი არ ვიგონებ, მე ვამბობ იმას, რასაც ჩვენი მრევლი ამბობს. კანაფის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა ახალი ჯგუფის შემატებით და ეს ჯგუფი არიან გოგონები და ქალები." - განაცხადა მეუფე ანდრიამ.
ტელეკომპანია ,,პირველების" ჟურნალისტმა მიტროპოლიტ ანდრიას დაუსვა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად მისაღებია სასულიერო პირებისთვის მარიხუანის დეკრიმინალიზაცია და კანაფის კულტივაციის მიზნით საქართველოს მთავრობის ინიციატივა. ატენისა და გორის ეპარქიის მღვდელთმთავარმა განაცხადა, რომ კანაფი არა მხოლოდ აზიანებს ადამიანის გონებას, არამედ იწვევს პიროვნების დეგრადაციასაც.
მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქმა სამების ეკლესიაში ქადაგებისას განაცხადა, რომ კანაფის კულტივაციის პროცესი სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს. მეუფე ანდრია ამბობს, რომ ბევრმა პატრიარქის სიტყვები არასწორად გაიგო, რადგან ეს არა თუ ინიციატივის მხარდაჭერას, არამედ სახელმწიფოს მიერ მთელი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.